რუსეთი

ბასტრიკინი: მინდა ვიცოდე, როდის მიიღებს კარგ კანონებს ჩვენი სახელმწიფო "დურა"

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრ ბასტრიკინი

რუსეთის საგამოძიეობო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრ ბასტრიკინმა რუსეთის სახელმწიფო დუმა გააკრიტიკა და პეტერბურგის საერთაშორისო იურიდიულ ფორუმზე გამოსვლის დროს სიტყვებით ითამაშა. მან სახელმწიფო დუმას "სახელმწიფო დურა" უწოდა. дура რუსულად სულელს ნიშნავს.

"ძალიან მსურს ვიცოდე, როდის მიიღებს კარგ კანონებს ჩვენი სახელმწიფო დურა." – თქვა ბასტრიკინმა.

ბასტრიკინის კრიტიკა საიმიგრაციო პოლიტიკას უკავშირდება. მისი მტკიცებით, პარლამენტს მიგრაციასთან დაკავშირებით კარგი კანონების მიღება არ სურს.

პეტერბურგის საერთაშორისო იურიდიულ ფორუმზე გამოსვლის დროს ბასტრიკინი საუბრობდა დანაშაულებზე, რომლებსაც მიგრანტები ჩადიან და გააკეთა მოწოდებები, რომ გამკაცრდეს საემიგრაციო პოლიტიკა. მას ფორუმის ფარგლებში დიალოგი ჰქონდა რუსეთის დუმის დეპუტატთან, რომელსაც ჰკითხა, თუ "რა ხდება" პარლამენტში. ამის შემდეგ კი ბასტრიკინმა ზემოხსენებული სიტყვები თქვა.

ბასტრიკინის სიტყვებს მოჰყვა დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის კრიტიკა. მისი თქმით, საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ შეურაცხყოფა მიაყენა რუს ხალხს, რადგან დეპუტატები "მათი არჩეულები არიან".

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენელი ირწმუნებოდა, რომ ბასტრიკინს არ სურდა დეპუტატების შეურაცხყოფა და მას მხოლოდ სურდა, დუმის ყურადღება მიექცია საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით.

"იმის ნაცვლად, რომ ყურადღება გამახვილებულიყო მიგრაციის პრობლემაზე, მის კონტროლზე, რეგულაციაზე, კანონმდებლობაში საჭირო ცვლილებებზე, განხილულია მხოლოდ ფრაზა, ისიც კონტექსტიდან ამოგლეჯილი." – თქვა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის სპიკერმა.

კომენტარები