რუსული კანონი

კანონის ძალაში შესვლა უკან დახევაა EU-დან, ეს ფაქტია და არა მოსაზრება - სტანო

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერი პიტერ სტანო გამოეხმაურა კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც რუსული კანონის მიღების შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის შანსი გაიზარდა. სტანოს თქმით, "კანონის ძალაში შესვლა უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ; ეს ფაქტია და არა მოსაზრება". ამის შესახებ საგარეო ურთიერთობების და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ ფორმულასთან ისაუბრა

"ევროკავშირი იყო ძალიან მკაფიო, რომ კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს. კანონის ძალაში შესვლა იწვევს ევროკომისიის მიერ დასახული - ევროკავშირის ლიდერების მიერ კანდიდატის სტატუსისთვის დამტკიცებული ცხრა რეკომენდაციიდან სულ მცირე 3-ის უკან დახევას და უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ." - თქვა პიტერ სტანომ.

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ 17 ივნისს თქვა, რომ კანონის ინიცირებამდე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შანსი იყო 0, ხოლო ახლა 20-30%-ია. 

კომენტარები