რუსული კანონი

ეს იქნება მათი გეოპოლიტიკური სიბრმავის მანიშნებელი – ოდიშარია EU-ს შესაძლო სანქციებზე

ბექა ოდიშარია
საქართველოს პარლამენტი

ქართული ოცნების დეპუტატი, ბექა ოდიშარია რუსული კანონის საპასუხოდ ევროკავშირის მიერ სანქციების შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით რადიო თავისუფლების ევროპის ოფისის უფროსის, რიკარდ იოზვიაკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

ოდიშარიას თქმით, ევროკავშირის მიერ სანქციების გამოყენება მათი "გეოპოლიტიკური სიბრმავის მანიშნებელი" იქნება.

"რაც შეეხება სანქციებს, მე ვფიქრობ, რომ ეს უსამართლოა, როდესაც კანონმდებელი, რომელიც არჩეულია მაღალი ლეგიტიმაციით და აქვს მხარდაჭერა საკუთარ ქვეყანაში, მისი მოსახლეობის უმრავლესობის, ასრულებს თავის პირდაპირ მოვალეობას, ამისათვის დასანქცირდეს. განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც ის ითხოვს და ამყარებს, ზურგს უმაგრებს ევროპულ და დასავლური ცივილიზაციის ყველაზე მნიშვნელოვან იდეას, რაც შეეხება საზოგადოების მეტ ინფორმირებულობას.[...]

ეს იქნება მათი გეოპოლიტიკური სიბრმავის მანიშნებელი. მე ვფიქრობ, რომ დასაჯო ხალხი იმისათვის, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და საზოგადოებას სურს იცოდეს, ვინ რა ფულს აფრიალებს, როგორც ქართველები იტყვიან ხოლმე, მათ ქვეყანაში... ამისათვის დასანქცირდეს? და ეს არის ევროპა და ევროპული ცივილიზაცია?" - თქვა ოდიშარიამ პირველ არხთან.

რიკარდ იოზვიაკმა ევროკავშირის მიერ წევრი ქვეყნებისთვის გაგზავნილი წერილის შინაარსი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე რეაგირების სცენარებია განხილული.

კომენტარები