რუსული კანონი

ზურაბიშვილი შშმ პირებს: თქვენი უფლებები ასევე ძალიან შეიზღუდა რუსული კანონის გამო

ღრმად მჯერა და მწამს, რომ ადამიანის უფლებები არის ერთი, არ შეიძლება, რომ ვილაპარაკოთ ერთ კატეგორიაზე და არა ზოგადად ადამიანის უფლებებზე. ამიტომ, მინდა, რომ ვისარგებლო ამ დღით და გავაკეთო განცხადება იმის შესახებ, თუ რაც ხდება დღეს ამ ქვეყანაში და რაც არის ჩემთვის და, დარწმუნებული ვარ, ყველა თქვენგანისთვისაც მიუღებელი, რასაც ჰქვია ძალადობა - ძალადობა ახალგაზრდებზე, ძალადობა ადამიანებზე, რომლებიც თავიანთ აზრს გამოთქვამენ, თავიანთ პოზიციას გამოთქვამენ.

საზოგადოება არ არსებობს, სადაც არ შეიძლება შენი საკუთარი პოზიციის დაფიქსირება თავისუფლად და ისე, რომ არ გეშინოდეს რომ ვინმე დაგხვდება ბნელ ქუჩაში და გაგისწორდება, მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა ჩვენი ქვეყნის პარლამენტის წევრები ამას ახალისებენ, ამართლებენ და ეს ერთგვარად იქცა პოლიტიკად. [...] ასე არის რუსეთში. ასე გრძელდება რამდენიმე წლის განმავლობაში - თავისი ოპონენტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენება. ეს არ არის ევროპა, ეს არ არის ევროპული ქმედებები, ეს არ არის ქართული ქმედებები. ამას, მე მგონი, საქართველოში და ქართველი ამას ვერანაირად ვერ გაამართლებს.

ეს მინდოდა ძალიან მკაფიოდ მეთქვა თქვენთვის და თქვენთან ერთად, იმიტომ, რომ თქვენი უფლებებიც არასოდეს არ იქნება დაცული, თუ ზოგადად ქვეყანაში ყველასი და ცალკეული ადამიანის უფლება არ იქნა დაცული. [...] მინდა ვისურვო, რომ მალე დავუბრუნდეთ იმას, რაც არის ჩვენი ქვეყნის ღირსების ნიშანი, რომ ამ ქვეყანაში ყოველთვის იყო დაცული სწორედ ეს აზრის გამოთქმა, თუნდაც ძალიან რთული პერიოდებში აზრის გამოთქმა და დაფიქსირება ყოველთვის იყო ქართველისთვის მისი ღირსების საზომი.

თქვენი უფლებები ასევე ძალიან შეიზღუდა ამ ბოლო პერიოდში იმის გამო, რომ მიღებული იქნა რუსული კანონი, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ საქმიანობას, რომელსაც ეწევიან ის ორგანიზაციები, რომლებმაც ძალიან ბევრი გააკეთეს ამ ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში იმისთვის, რომ სტანდარტები იყოს შემოტანილი, იმისთვის, რომ მეტი ინკლუზიურობა იყოს შესაძლებელი და ასევე, რომ თქვენთვის იყოს შესაძლებელი უფრო მეტი წვდომა სხვადასხვა სერვისებზე. ეს ყველაფერი არის ის საქმიანობა, რასაც ეწეოდნენ ის ორგანიზაციები, რომლებმაც დღეს არ იციან, რა ბედი ეწვევათ ხვალ, რომლებსაც სთხოვენ გაუგებარ რაღაცა გამჭვირვალობას - ვითომ ყველაფერი ამ ქვეყანაში იყოს გამჭვირვალე - და ეს ყველაფერი არის პირდაპირ მიმართული იმის საწინააღმდეგოდ, რომ ის ევროპული სტანდარტები, რომლებიც ნელ-ნელა და მე ვთვლი, რომ არასაკმარისად სწრაფად შემოდიოდა ამ ქვეყანაში, იყოს რეალურად შეჩერებულ. ჩვენ ვიცით რუსეთში რა ფორმით ებრძვიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და ეს არ არის ის სიტუაცია, რაც ჩვენ გვინდა ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ, უნდა დაცული იყოს ის უფლებები, რაც მოპოვებული იქნა აქამდე და უნდა გავაგრძელოთ ამ უფლებების განვითარება, დაცვა, რომ ჩვენ ავიწიოთ იმ დონემდე, რაც არის გავრცელებული მთლიანად ევროპის ქვეყნებში და ვიყოთ იმ სტანდარტებზე, რომლებიც ჩვენთვის არის ღირსების სტანდარტები.

თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 14 ივნისს, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე

კომენტარები