რუსული კანონი

ადვოკატის თქმით, აქციაზე დაკავებულ მოქალაქეს ციხეში ტიტუშკები შეუგზავნეს

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ერთ-ერთი მოქალაქის ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფ ახალგაზრდას გლდანის ციხეში ტიტუშკები შეუგზავნეს და მასზე ფსიქოლოგიურად იძალადეს. ადვოკატი სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

"რუსულმა ხელისუფლებამ და სისტემამ თავისუფალი ახალგაზრდები ტყვედ აიყვანა და გლდანის ციხეში გამოკეტა. მაგრამ, ამ ყველაფრით არ დაკმაყოფილდა და ციხეში, თვითონ საკანში, ახალგაზრდებთან კრიმინალი ტიტუშკები შეაგზავნა - სადაც, ერთ-ერთ დაკავებულზე ფსიქოლოგიურად იძალადეს. მასზე ფიზიკური ანგარიშსწორებაც უნდოდათ, თუმცა ეს ადამიანი იქვე მყოფმა პატიმრებმა გადაარჩინეს და ამიტომ, მასზე ფიზიკური ანგარიშსწორება ვერ მოხდა.

ეს ყველაფერი სისხლის სამართლის დანაშაულია, როცა ახალგაზრდა პატიმართან შიგნით, საკანში ტიტუშკებს შეუშვებ, რომ მასზე ფიზიკურად იძალადონ. ამით პირადად სახალხო დამცველი უნდა დაინტერესდეს და ეს საქმე კონტროლზე აიყვანოს". - ამბობს ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე.

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე პოლიციელებმა სულ, დაახლოებით, 200-მდე ადამიანი დააკავეს.

კომენტარები