"ბრიტანეთი არ აღიარებს საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში 2024 წლის 9 ივნისს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას" - განცხადებას ბრიტანეთის საელჩო საქართველოში X-ზე ავრცელებს.
"ჩვენ მტკიცედ განვაგრძობთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში" - წერია ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.
9 ივნისს ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობამ ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ჩაატარა.
"არჩევნებს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა განცხადებით, რომლის მიხედვითაც საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც "უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში".