Financial Times-ის გავრცელებული ინფორმაციით, აშშ მზად არის უკრაინას $50 მილიარდის სესხი გამოუყოს, თუ მისი დაფარვა რუსეთის გაყინული აქტივებით მოხდება. გამოცემა ინფორმაციას გაჟონილი დოკუმენტის საფუძველზე ავრცელებს.
ვაშინგტონს სურს, ევროკავშირმა რუსეთის აქტივები ომის დასრულებამდე გაყინოს, რათა შესაძლებელი იყოს აშშ-ის მიერ გაცემული სესხის დაფარვა. ამ დროისთვის, რუსეთის აქტივები 6 თვის ვადით იყინება.
არსებული პოლიტიკის შეცვლას ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა დასჭირდება, მათ შორის, უნგრეთისაც.
დისკუსიის დოკუმენტი, რომელიც Financial Times-მა მოიპოვა, შემუშავდა 5 ივნისს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ფინანსთა მინისტრების ვირტუალური შეხვედრისთვის. შეხვედრის მთავარი თემა უკრაინისთვის დამატებითი ფინანსების მოძიებაა.
Financial Times-ის მიხედვით, აშშ-ს სურს ამ თემაზე შეთანხმების მიღწევა მომდევნო კვირაში დაგეგმილი დიდი შვიდეულის (G7) სამიტამდე მოხდეს.





