ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ, Movement-თან მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, რუსული კანონის მიღების გამო, დარწმუნებულია, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ერთ-ერთი განსახილველი ვარიანტი იქნება.
"ჩვენ შევთანხმდით ვიზალიბერალიზაციაზე საქართველოსთან, მაგრამ გარკვეული პირობების დაცვით. ახლა კი, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების შემდეგ, ეს პირობები გადაიხედება. ექვსი თვით მის შეჩერებას წევრი ქვეყნების ხმების კვალიფიციური უმრავლესობის ნახევარზე ცოტა მეტი სჭირდება; არა ყველა წევრის, არამედ უმრავლესობის ხმა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ერთ-ერთი განსახილველი ვარიანტი იქნება. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ჩემი პრობლემა, როგორც ევროკავშირის ელჩის, არის ის, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში, მოქალაქეები იზარალებენ, რადგან ისინი უკვე მრავალი წელია სარგებლობენ თავისუფალი მიმოსვლის პირობებით. ხალხს მძიმე ფასის გადახდა მოუწევს. ეს კი ნამდვილად არ არის ევროკავშირის მიზანი. ეს ჩემი მოსაზრებაა, მაგრამ გადაწყვეტილება წევრი ქვეყნების მისაღებია მომდევნო კვირებში". - თქვა პაველ ჰერჩინსკიმ Movement-თან საუბრისას.
გარდა ვიზალიბერალიზაციის საკითხისა, ევროკავშირის ელჩმა ფინანსურ შეზღუდვებზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ რუსული კანონის მიღების საპასუხოდ შესაძლოა ევროკავშირის მიერ საქართველოსადმი გაცემული ფინანსური დახმარების საკითხიც გადაიხედოს.
"ერთ-ერთი შესაძლო შედეგი არის ის, რომ შევზღუდოთ, სხვაგან მივმართოთ ან ფოკუსი შევუცვალოთ ფინანსურ დახმარებას, რომელსაც უკვე მრავალი წელია ვაწვდით საქართველოს." - აღნიშნა ჰერჩინსკიმ.
28 მაისს რუსულმა რეჟიმმა რუსული კანონი საბოლოოდ მიიღო. კენჭისყრაზე 66-მა დეპუტატმა პრეზიდენტის ვეტოს წინააღმდეგ მისცა ხმა. ვეტოს დაძლევის შემდეგ, ივანიშვილის 84-მა დეპუტატმა კანონის საბოლოო მიღებას დაუჭირა მხარი.
მანამდე, 22 მაისს, Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული კანონის მიღების გამო ოთხი ევროპული ქვეყანა - ესტონეთი, ჩეხეთი, შვედეთი და ნიდერლანდები ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველოსთვის შემაკავებელი ზომების მიღებას შესთავაზებს. გამოცემის ცნობით, განიხილებოდა ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერებაც.
24 მაისს კი, აშშ-მა რეჟიმისა და მათი ოჯახების წევრების მიმართ სანქციების პოლიტიკა გამოაცხადა, რაც ითვალისწინებს სავიზო შეზღუდვებსა და აშშ-ში მოგზაურობის აკრძალვას.