არჩევნები 2024

"ევროპული საქართველო" პრეზიდენტის ქართულ ქარტიას შეუერთდა

გიგა ბოკერია

ევროპული საქართველო პრეზიდენტის ქართულ ქარტიას შეუერთდა. ქარტიას ხელი პარტიის ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მოაწერა. 

"ძალიან მნიშვნელოვანი არის განსხვავებული პოლიტიკური ძალების ერთობა იმ აუცილებელ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გადაიდგას ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ. მნიშვნელოვანია, დემონსტრირება იმისი, რომ განსხვავებულ პოლიტიკურ ძალებს შეუძლიათ თანხმობა იმ ფუძემდებლურ საკითხებზე, რომლებიც აუცილებელია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და თავისუფლებისთვის. ამ ქარტიაში ეს არის სწორედ მოცემული.

ამ ტიპის ერთობას უჭერდა და უჭერს მხარს ევროპული საქართველო ყველა ეტაპზე - ერთობა შინაარსზე, რაც, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს მნიშვნელოვან განსხვავებებს, მაგრამ აჩვენებს ქვეყანას გეზს, რაც უნდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას. ამიტომ იყო მნიშვნელოვანი ზურაბიშვილის ეს ინიციატივა, ამიტომ ვუჭერ მხარს, იმისდა მიუხედავად, რომ ჩვენ ვადებზე გვაქვს განსხვავებული მოსაზრება, მაგრამ ეს არ ცვლის არანაირად არც ამოცანებს, არც შინაარსს იმისი, რომ ჩვენ აღარ უნდა დავუშვათ, არა მარტო ამ სამარცხვინო ხელისუფლების, არამედ ნებისმიერი ხელისუფლების ხელში, ძალაუფლების კონცენტრაცია. ის რეფორმები, რაც აქ წერია, სწორედ ამას უზრუნველყოფს" - თქვა ბოკერიამ ორბელიანების სასახლიდან გამოსვლის შემდეგ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს სიტყვით გამოსვლისას "ქართული ქარტია" წარადგინა, რომლის ფარგლებშიც მან პროევროპულ ოპოზიციურ პარტიებს თანამშრომლობა შესთავაზა. ამასთანავე, ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ აღნიშნული შეთანხმება საერთო სიას ან რაიმე ფორმის პოლიტიკურ გაერთიანებას არ ითვალისწინებს.

სალომე ზურაბიშვილის ქართულ ქარტიას ხელს აწერენ პარტიები: ახალი, გირჩი-მეტი თავისუფლება, ევროპული საქართველო, ლელო, რესპუბლიკური პარტია, სტრატეგია აღმაშენებელი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. როგორც ცნობილია, ქარტიას არ შეუერთდებიან გირჩი და გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის.

კომენტარები