რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

გერმანია უკრაინას €500 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს

გერმანია უკრაინას €500 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს. ახალი პაკეტის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა ოდესაში უკრაინის თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან შეხვედრისას ისაუბრა.

"ჩვენ გავაგრძელებთ თქვენ დახმარებას ამ თავდაცვითი კამპანიის პერიოდში" – თქვა პისტორიუსმა.

აღნიშნული პაკეტი მოიცავს საბრძოლო მასალას IRIS-T-SLM-ის ტიპის საშუალო რადიუსის თავდაცვითი სისტემებისთვის და მოკლე რადიუსის SLS რაკეტებს. 

"ჩვენმა პარტნიორებმა უნდა მოგვაწოდონ იარაღი, რათა მტერს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების მიღმა დავახევინოთ" – თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

მანამდე, 29 მაისს ცნობილი გახდა, რომ შვედეთი უკრაინას $1.3 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. 

ამასთან ერთად, დანია უკრაინას უფლებას მისცემს დანიის მიერ გადაცემული F-16-ები რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ გამოიყენოს. 

ამ საკითხზე საფრანგეთისა და გერმანიის პირველმა პირებმაც ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. და აღნიშნეს, რომ უკრაინას უნდა მიეცეს საშუალება, რუსეთის შიდა ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებს დაარტყას, თუმცა არა სხვა სამიზნეებს.

პარალელურად, ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანია იზიარებს საფრანგეთის პრეზიდენტის აზრს. მისი თქმით, ვიდრე უკრაინა პატივს სცემს იარაღის მომწოდებელი ქვეყნების, მათ შორის, აშშ-ს პირობებსა და საერთაშორისო სამართალს, მას უფლება აქვს, თავი დაიცვას.

კომენტარები