საქართველო-უკრაინა

უკრაინა: სამწუხაროა კობახიძის დეგრადირებადი განცხადებები, რუსებისგან ვეღარ გაირჩევა

ირაკლი კობახიძე
საქართველოს მთავრობა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის სიტყვებს.

აქამდე კობახიძე ირწმუნებოდა, რომ ევრომაიდანის, იგივე ღირსების რევოლუციის შემდეგ უკრაინაში "ხელისუფლება გარედან დანიშნეს, ჯერ ერთხელ და მერე მეორედ". მან სწორედ "მთავრობის დამნიშვნელები" დაადანაშაულა რუსეთის მიერ უკრაინაში 2014 წელს დაწყებულ ომში, რომელმაც 2022 წელს სრულმასშტაბიანი სახე მიიღო.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ უკვე რთულია ირაკლი კობახიძის საუბრის რუსი მაღალჩინოსნების საუბრისგან გარჩევა.

უკრაინის საგარეო უწყება ქართველ პოლიტიკოსებს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ ანტიუკრაინული განცხადებებისგან, რომლებიც რუსულ ნარატივებს იმეორებს. ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესი თბილისის საშინაო საქმეა და მასში უკრაინა არ უნდა გამოიყენონ. ხაზგასმულია, რომ კიევი თბილისისთვის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას აგრძელებს და რუსეთი ყველგან, მათ შორის საქართველოში ჩადენილი დანაშაულებისთვის უნდა დაისაჯოს.

"უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის არამეგობრულ განცხადებასა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენების მის დამახინჯებულ შეფასებას.

საქართველოს ხელისუფლების მეთაურის განცხადება ჩვენი სახელმწიფოს, ღირსების რევოლუციის, გმირობისა და უკრაინელი ხალხის თავისუფლებისთვისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის შესახებ არის მიუღებელი და აღმაშფოთებელი. 

არა უკრაინა, რომელიც თავს იცავს, არამედ ზუსტად რუსეთი, რომელიც მუხანათურად დაესხა თავს ჩვენს მიწას, არის პასუხისმგებელი ათასობით სიცოცხლის დაკარგვაზე, უკრაინული ქალაქებისა და სოფლების განადგურებაზე. აღსანიშნავია, რომ სიტყვა "რუსეთი" ქართველი მაღალჩინოსნის განცხადებაში ერთხელაც არ იყო ნახსენები. 

სამწუხაროა თვალის დევნება საქართველოს პრემიერმინისტრის განგრძობითად და პერმანენტულად დეგრადირებადი განცხადებებისთვის, რომლებიც ბოლო დროს რუსეთის ლიდერების განცხადებებისგან რთულად გარჩევადი გახდა.

რუსეთის ფედერაცია უნდა დაისაჯოს ყველა დანაშაულისთვის, რომლებიც ბოლო ათწლეულებში ჩაიდინა უკრაინაში, საქართველოსა და სხვა ქვეყნებში.

ქართველ პოლიტიკოსებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მსგავსი განცხადებებისგან, რომლებიც იმეორებს რუსულ ნარატივებს და თავი შეიკავონ საქართველოს შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებაში უკრაინის გამოყენებისგან.

უკრაინა გააგრძელებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა, ასევე ქართველი ხალხის მშვიდობის, თავისუფლების, საკუთარი სახელმწიფოებრიობის გამტკიცებისა და მსოფლიოს სხვა თავისუფალ ქვეყნებთან კავშირების დამყარების მისწრაფებების მიმართ."

"რაც შეეხება პარალელს მაიდანსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებს შორის - მინდა, ყველას ვუთხრა, რომ საქართველოში მაიდანს ვერავინ ეღირსება. შეგახსენებთ, უკრაინისთვის მაიდნის შედეგები რა იყო. მაშინ, რეალურად, უკრაინის ხელისუფლება გარედან დანიშნეს, ჯერ ერთხელ და მერე მეორედ. საბოლოო ჯამში კი, ვინც გარედან მთავრობა დანიშნა, იმას პასუხისმგებლობა აღარ აუღია იმ მოვლენებზე, რომლებიც შემდეგ ამ ქვეყანაში განვითარდა.

2013 წლამდე უკრაინა იყო ქვეყანა, რომელსაც ტერიტორიული მთლიანობა ჰქონდა, მისი ეკონომიკა კი 200 მილიარდი დოლარი იყო. დღეს ეს ქვეყანა ჩამოქცეულია. მისი ეკონომიკა კი ამდენი წლის შემდეგ, თვისობრივად შემცირებულია. ასევე, უკრაინის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, ათიათასობით ადამიანი კი დაიღუპა. ამაზე პასუხისმგებლობას ვინ იღებს? - არავინ. შესაბამისად, ყველაზე მეტად რასაც უნდა გავუფრთხილდეთ, საქართველოს დამოუკიდებლობაა, რადგან ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე პასუხისმგებლობას სხვა ვერავინ აიღებს. ეს ყველაზე კარგად სწორედ უკრაინის მაგალითმა გვაჩვენა." – თქვა კობახიძემ 30 მაისს.

 

კომენტარები