საქართველოს პარლამენტი

პაპუაშვილი აქუბარდიას: ამდენ საზიზღრობას ერთად როგორ ამბობთ – წესით, ბოღმით უნდა გასკდეთ

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას სიტყვით გამოსვლის შემდეგ უთხრა, რომ მან იმდენი საზიზღრობა ილაპარაკა, რომ წესით "ბოღმისგან უნდა გასკდეს".

"ვაიმე, ქალბატონო თეონა, ამდენი საზიზღრობის ერთად თქმა როგორ შეგიძლიათ, მიკვირს. წესით, მაგ დროს ბოღმისგან უნდა გასკდეთ. ოპოზიციის მხარეს ქალბატონი სალომე სამადაშვილის სული ტრიალებს და განსაკუთრებით, ქალ დეპუტატებს ერჩის და ბოღმებად აქცევს. ეგ ბოღმა დაგახრჩობთ. ამ დონეზე რომ ხართ დაშვებული, უბრალოდ სირცხვილია. გასაგებია, რომ წინასაარჩევნო რიტუალური ცეკვა გაქვთ, რომ ვინმეს თავი მოაწონოთ და სიაში ჩაგსვან, მაგრამ საარჩევნო სიის გამო ასეთ მდაბიოობაზე არ უნდა წახვიდეთ". - თქვა პაპუაშვილმა თეონა აქუბარდიას სიტყვით გამოსვლის შემდეგ. 

თეონა აქუბარდია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ, სიტყვით გამოვიდა. ოპოზიციონერმა დეპუტატმა თქვა, რომ ე.წ. ოფშორების კანონი საქართველოს მოქალაქეებს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს - უმრავლესობის წევრებს კი მიმართა, რომ ამ საკითხზე ვეტოს დაძლევით ისინი მხოლოდ ერთი კაცის, ბიძინა ივანიშვილის საქმეს აკეთებენ და უთხრა, რომ მათ მორალური პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ.

იქამდე, თავდაპირველად, პაპუაშვილმა აქუბარდიას სიტყვა გააწყვეტინა. აქუბარდიამ პრეზიდენტს ოფშორების კანონზე ვეტოს დადებისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ეს წინააღმდეგობაა არა მხოლოდ კანონთან, არამედ "რუსულ მთავრობასთან" მიმართებითაც, რამაც პაპუაშვილის გაღიზიანება გამოიწვია და ოპოზიციონერ დეპუტატს მიკროფონი გაუთიშა და თავად უპასუხა.

"ქალბატონო თეონა, თქვენ საქართველოს პარლამენტში იმყოფებით. დუმაში როცა იქნებით, იქ ისაუბრეთ რუსულ... ჩვენ ვინ ვართ. სხვათა შორის, ჩვენ პარლამენტი ვართ, მთავრობა არა, ესეც უნდა იცოდეთ. ეს საკანონმდებლო ორგანოა. ცოტა მეტი განათლება და ზრდილობა რომ გქონდეთ, კარგი იქნებოდა". - უთხრა პაპუაშვილმა აქუბარდიას. 

დღეს, 29 მაისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ე.წ. ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ.

კომენტარები