სომხეთი

სომხეთში დემონსტრანტებს პრემიერობის კანდიდატად ტავუშელი მთავარეპისკოპოსი სურთ

ბაგრატ გალსტანიანი 2024 წლის 9 მაისის საპროტესტო აქციაზე.
სპუტნიკი  

სომხეთში დემონსტრაციების პარალელურად პოპულარული ხდება მოსაზრება, რომ პრემიერმინისტრობისთვის ტავუშელმა მთავარეპისკოპოსმა ბაგრატ გალსტანიანმა კენჭი უნდა იყაროს. დემონსტრაციები სომხეთში უკვე ერთ თვეზე მეტია გრძელდება. აქციის მონაწილეები აზერბაიჯანთან ტერიტორიულ დათმობებს აპროტესტებენ

ერევანში დემონსტრანტებმა 26 მაისს მასშტაბური მსვლელობა მოაწყვეს და პრემიერმინისტრ ფაშინიანის გადადგომას ითხოვდნენ. ბევრი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ სომხეთში საპროტესტო ლიდერად პოზიციონირების ყველაზე დიდი შანსი ტავუშელ მთავარეპისკოპოსს სურს. გალსტანიანის თქმით, ფაშინიანს პოსტზე დარჩენის არც მორალური და არც პოლიტიკური ლეგიტიმაცია აღარ აქვს. 

მთავარეპისკოპოსმა ბაგრატ გალსტანიანმა 10 მაისს თქვა, რომ არ გამორიცხავს საკუთარი თავის პრემიერმინისტრის კანდიდატად წარდგენას. როგორც ცნობილია, მთავარეპისკოპოს ბაგრატ გალსტანიანს ორმაგი, სომხეთის და კანადის მოქალაქეობა აქვს, რის გამოც, მას არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ შეუძლია. გალსტანიანმა პროტესტის მონაწილეებს პირობა მისცა, რომ ამ ლეგალურ პრობლემებს მოაგვარებს. 

გასულ თვეში, სასაზღვრო შეტაკებებისა და დაძაბულობის ფონზე, სომხეთი და აზერბაიჯანი საზღვრის მონაკვეთის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის დაწყებაზე ისტორიაში პირველად შეთანხმდნენ. საუბარი იყო სომხეთის ტავუშის პროვინციისა და აზერბაიჯანის ყაზახის რაიონების სასაზღვრო ზონაზე, სადაც მდებარეობდა ოთხი სოფელი, რომლებსაც ერევანი ყარაბაღის პირველი ომის შემდეგ აკონტროლებდა. 

როგორც განცხადებაში ეწერა, საზღვარი გაივლებოდა სომხეთისა და აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკების შესაბამისად, ანუ საბჭოთა კავშირის დაშლამდე პერიოდის საზღვრების მოხაზვა გადაწყდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ სომხეთი აზერბაიჯანს 4 სოფელს დაუბრუნებდა. იგეგმება დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესის სხვა მონაკვეთებზე გაგრძელებაც.

კომენტარები