საქართველო-რუსეთი

ეს ეშმაკის ნაკარნახებია – კარასინი კობახიძის "აფხაზ და ოს და-ძმებთან ცხოვრების" სურვილზე

გრიგორი კარასინი

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედია ТАСС-თან საუბარში გამოეხმაურა საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ ნათქვამ სიტყვებს, რომლის მიხედვითაც  "აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად - ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი".

კარასინის აზრით, ახლა მთავარია კობახიძემ რუსული კანონი მიიღოს, დანარჩენი კი მხოლოდ მსჯელობაა. მან საქართველოს გაერთიანების იდეას "ეშმაკის ნაკარნახები" უწოდა.

"მსჯელობას იმაზე, როგორ იცხოვრებს საქართველო 2030 წელს, ვერავინ აუკრძალავთ. მათ სურთ ცხოვრება ერთ სახელმწიფოში აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან თუ, იქნებ, რომელიმე სხვა სახელმწიფოებთან ერთად - ეს არის მსჯელობა. ახლა საქართველოს პრემიერმინისტრისთვის მთავარია მიაღწიოს, რომ ადამიანები, რომლებსაც უცხოური სახელმწიფოები ინახავენ და დაკავებული არიან პოლიტიკური და საინფორმაციო საქმიანობით, კანონით იყვნენ აღნიშნული. ჩვენ აქედან უნდა გამოვდიოდეთ. დანარჩენი – ეს ეშმაკის ნაკარნახებია." – თქვა კარასინმა.

თუმცა კარასინმა დაამატა, რომ პოლიტიკოსებს, მათ შორის ირაკლი კობახიძესაც, მსჯელობის უფლება გააჩნიათ.

"ამ საკმაოდ რთულ ვითარებაში გამოვყოფდი, რომ ის (რედ. - ირაკლი კობახიძე) ორთაბრძოლაშია სალომე ზურაბიშვილთან, რომელიც ცხადად, გასაგები მიზეზების გამო, იკავებს დასავლელი უმცირესობის პოზიციას, უფრო კონკრეტულად რომ ვთქვა, ევროკავშირისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების, რათა დაძლიონ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება." – დაამატა კარასინმა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლის დროს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ 2030 წელს საქართველო "აფხაზს და ოს ძმებთან და დებთან ერთად" ევროპული ოჯახის წევრი უნდა გახდეს.

"ჩვენი აღთქმული მიწა, ანუ ქართული ოცნებაა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლის თავზე, 2030 წელს, ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად - ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი." – თქვა კობახიძემ 26 მაისს.

კომენტარები