რუსული კანონი

24 მაისს თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება

პარასკევს, 24 მაისს, თავისუფლების მოედნიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომდე მარში გაიმართება. ორგანიზატორების თქმით, ამ მსვლელობით გააპროტესტებენ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე პოლიციელების მიერ ჩადენილ უკანონო ქმედებებს და სოლიდარობას გამოხატავენ ამ დემონსტრაციების დროს დროებით დაკავებული, დაპატიმრებული და დაზარალებული ადამიანების მიმართ.

აქციის ორგანიზატორების სრული განცხადება:

"რუსული კანონის ინიცირებიდან დღემდე, შეთითხნილი ბრალდებით, პოლიციამ პროტესტში მონაწილე 200-ზე მეტი ადამიანი დააკავა. ათეულობით ადამიანს არჩადენილი სამართალდარღვევებისთვის საჯარიმო ქვითრები მისდის. ასეულობით ადამიანს კი უსაფუძვლოდ დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოსაკითხად იბარებენ. ათეულობით ადამიანი პოლიციამ სასტიკად ცემა, ზოგიერთი მათგანი დღემდე მკურნალობს.

ჩვენ გვინდა სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც:

  • პოლიცია დაგვიცავს;

  •  ხელისუფლების ხელში პოლიტიკური იარაღი არ იქნება;

  • პოლიციელების შვილები იამაყებენ მათი მშობლების საქციელით;

  • პოლიციელი დასაჭერად კრიმინალებს დასდევს და არა ლაღ, სამშობლოსთვის გულანთებულ, თავისუფლებისთვის მებრძოლ და განათლებულ ახალგაზრდებს.

არ გვინდა, ჩვენი თანატოლები და მეგობრები სირცხვილით მალავდნენ, თუ რას საქმიანობენ მათი პოლიციელი მშობლები. მათი შვილებიც ხომ ჩვენთან ერთად იბრძვიან საქართველოს ევროპული მომავლისთვის.

დღეს კი, სამწუხაროდ, პოლიცია არა კანონს, არამედ შეთქმულების თეორიებით შეპყრობილ ივანიშვილს ემორჩილება და მთავარ მოძალადედ თავად იქცა. შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველია და საქართველოს პოლიცია ივანიშვილის დაცვის პირად სამსახურად აქცია - ეს ნებისმიერ ქართველს შეურაცხყოფს.

ამიტომ, 24 მაისს, 19 საათზე, შევიკრიბოთ თავისუფლების მოედანზე და მარშით დავიძრათ შსს-სკენ, რათა სარკეში ჩავახედოთ და ვაჩვენოთ პოლიციელებს, როგორ გამოიყურებიან, როცა საქართველოს უკეთესი მომავლისათვის მებრძოლ დებს, ძმებსა და შვილებს უსწორდებიან.

ამ მარშით სოლიდარობა ვაჩვენოთ პროტესტში მონაწილე ყველა დაკავებულ, დაპატიმრებულ და დაზარალებულ თანამებრძოლს.

კი ევროპას! არა რუსულ კანონს!". - წერია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები