რუსული კანონი

რა გავლენა ექნება კანონსა და სანქციებს საქართველოზე? - გიგა ბედინეიშვილის მოსაზრება

რუსული კანონი

რა გავლენა ექნება კანონსა და სანქციებს საქართველოზე? - გიგა ბედინეიშვილის მოსაზრება

რუსული კანონის მიღების ფონზე, 15 მაისს, დილიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე TBC Bank Group-ისა და Bank of Georgia Group-ის აქციების ფასები მკვეთრად დაეცა. პარალელურად, გაუფასურდა ლარიც - ჯამში, დოლართან 8 თეთრით, ხოლო ევროსთან - 11 თეთრით. ბოლო, 17 მაისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა მცირედით, 0.1 თეთრით გამყარდა - თუმცა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნული ბანკი ჩაერია და “ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით” სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი დოლარი გაყიდა.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, საზოგადოებაში გავრცელდა აზრი, რომ რუსული კანონის მიღებამ და სანქციების მუქარამ შესაძლოა ქვეყნის ეკონომიკის მსხვილმასშტაბიანი კრიზისი და საბანკო სისტემის კოლაფსი გამოიწვიოს. 

ამ საკითხთან დაკავშირებით ტაბულა, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბიზნესის სკოლის დეკანსა და ფინანსისტს, გიგა ბედინეიშვილს დაუკავშირდა.

ბედინეიშვილის თქმით, რუსული კანონის მიღებით ივანიშვილის მთავრობამ თვალნათელი გახადა, რომ ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევა სურს, რასაც  ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა ექნება და, შესაბამისად, ფინანსურ სექტორსაც შეეხება.

“რუსული კანონის მიღება მანიფესტაციაა ქვეყნის ფუნდამენტური პრობლემების. ის უკვე ყველასთვის აშკარად წარმოაჩენს ივანიშვილის მთავრობის განზრახვას, ევროატლანტიკური კურსიდან გადაახვევინოს საქართველოს. ასეთი მუქარის არსებობა, ბუნებრივია, რომ უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ პერსპექტივებზე. როცა ეკონომიკა ცუდად მუშაობს, ფინანსური სექტორიც არაა ფორმაში“. - თქვა ბედინეიშვილმა.

მიუხედავად საზოგადოებაში გავრცელებული შიშისა, ბედინეიშვილი ამბობს, რომ ჯერჯერობით ეკონომიკა და ფინანსური სექტორი მსხვილმასშტაბიანი რისკის წინაშე არ დგას. 

“ჯერჯერობით არ ვიტყოდი, რომ ეკონომიკასა და ფინანსურ სექტორს რამე სერიოზული და გადაუდებელი საფრთხე ემუქრება. შიში არსებობს, მაგრამ არსებობს კრიზისიდან ძლიერად გამოსვლის იმედიც. ჯერ მხოლოდ გაურკვევლობა გვაქვს“. - ამბობს ბედინეიშვილი.

ფინანსისტის თქმით, ბაზარზე არც მაღალჩინოსანთა სანქცირებას ექნება გავლენა.

“თვით მაღალჩინოსნებზე სანქციები ბაზარს არ ანაღვლებს. არის მეორადი საშიშროება, რომ სებ-მა კომერციულ ბანკებზე წნეხი მოახდინოს სანქცირებულების დაცვის მიზნით, მაგრამ ჯერ ეს სპეკულაციაა“. - თქვა ბედინეიშვილმა.

ტაბულას კითხვაზე, გაგრძელდება თუ არა TBC Bank Group-ისა და Bank of Georgia Group-ის აქციების ვარდნა, ბედინეიშვილმა თქვა, რომ ეს ტენდენცია ინვესტორთა ნაწილის რეაგირებამ გამოიწვია და ბაზარზე ფასის მერყეობა მოკლე ვადაში იქნება. მისი თქმით, უფრო გრძელვადიანი შედეგები არჩევნებს მოჰყვება - თუკი ქართული ოცნება არჩევნებში გაიმარჯვებს, მაშინ აქციების ფასი დაეცემა, ხოლო თუ წააგებს, მოიმატებს.

„⁠ბევრ ინვესტორს ამ ბანკების აქციები უჭირავს, როგორც ფსონი ზოგადად საქართველოზე (არა მარტო ამ ბანკების წარმატებაზე). ზოგიერთი ასეთი ინვესტორისთვის კანონის მიღება წყალგამყოფი იყო. ვინც უფრო ყურადღებით აკვირდება საქართველოს, ამ კანონით არაფერი არ შეცვლილა. ამ კანონპროექტის შემოტანა იყო უკვე პრობლემა. მესამე მოსმენით მიღება-არმიღება სიმბოლურია. მიუხედავად ამისა, ინვესტორების ნაწილმა ამაზე მოახდინა რეაქცია, გაყიდა აქციები. როცა ბევრი ყიდის, აქციის ფასი ეცემა. მოკლე ვადაში ამ აქციების ბაზარზე გვექნება მერყეობა, ვოლატილობა, ციებ-ცხელება. უფრო გრძელ ვადაში ყველაფერი დამოკიდებულია არჩევნებზე. თუ ივანიშვილი არჩევნებს მოიგებს, ამ აქციების ფასი დაეცემა. თუ წააგებს, მკვეთრად მოიმატებს“. - ამბობს ბედინეიშვილი.

ფინანსისტი განმარტავს, რომ უშუალოდ კანონი ფინანსური სექტორისთვის უმნიშვნელოა და მთავარი ფაქტორი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე გავლენას მოახდენს, ისაა, თუ მთავრობაში ვინ იქნება.

„⁠კანონი მესამეხარისხოვანია. მთავარია, ვინ იქნება მთავრობაში შემოდგომაზე. ივანიშვილის ძალაუფლებაში დარჩენა ეკონომიკურ პერსპექტივებს მოკლავს და ინვესტიციებს გააქცევს ქვეყნიდან“. - თქვა ბედინეიშვლმა.

ბედინეიშვილი ამბობს, რომ საბანკო სისტემის კოლაფსი ყოვლად უსაფუძვლო და არარეალისტური სცენარია.

⁠“ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს. აქციების ვარდნა ბანკების ფინანსურ მდგომარეობაზე არანაირ გავლენას არ ახდენს“. - თქვა ბედინეიშვილმა.

ფინანსისტის თქმით, რიგით მოქალაქეებს არა აქციის ფასები და მოკლევადიანი ფლუქტაციები, არამედ ქვეყნის ეკონომიკური პერსპექტივა უნდა ადარდებდეთ.

“აქციის ფასი არარელევანტურია (თუ, რა თქმა უნდა, თვითონ არ ფლობს ამ აქციებს)“. - ამბობს ბედინეიშვილი.

კითხვაზე, თუ რა არის გონივრული რეაქცია, ფინანსისტი აღნიშნავს, რომ ბანკების მიმართ ქცევის ცვლილების საჭიროება არ არსებობს.

“საბანკო სექტორის მდგომარეობაზე პანიკის საფუძველი არ არსებობს“. - თქვა ბედინეიშვილმა.

ფინანსისტის  თქმით, მთავრობისაგან არ უნდა ველოდოთ, რომ ეკონომიკაზე იფიქრებს და პრაგმატულ პოლიტიკას აირჩევს.

“⁠ამ მთავრობისგან კონსტრუქციულ ნაბიჯებს არ უნდა ველოდოთ. ეს მთავრობა არ მუშაობს ქვეყნის პერსპექტივებზე. ის ემსახურება ერთ ოჯახს. ბანკებს არაფერი ემუქრებათ სასწრაფოდ. გამოსავალი, ისევ და ისევ ივანიშვილის ჩამოშორებაა ძალაუფლებისგან“. - ამბობს ბედინეიშვილი.

 

კომენტარები