რუსული კანონი

"საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის დასაცავად" ჰელსინკის კომისია მოსმენას გამართავს

ლუკა ახალაია/ტაბულა

ჰელსინკის კომისიის ინფორმაციით, "საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის დასაცავად" 4 ივნისს მოსმენა გაიმართება.

"რუსული სტილის უცხოელი აგენტების კანონის მიღება მმართველი ქართული ოცნების მთავრობის ღიად ანტიდასავლური შემობრუნების და რუსეთთან, ისევე, როგორც სხვა ავტორიტარულ ძალებთან, როგორიცაა ჩინეთი, მათი თანმხლები კავშირის მაუწყებელია. უხეში ძალის გამოყენების ფონზე ამ და კრემლით ინსპირირებული სხვა კანონმდებლობების მიღებით, პროდასავლური, დემოკრატიისკენ მიმავალი, ევროატლანტიკური დღის წესრიგის სამი ათწლეულის შემდეგ, საქართველოს მთავრობა აშკარად და ძალადობრივად ღალატობს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ არჩევანს. ქართული ოცნების მთავრობის ვექტორის სტრატეგიული ცვლილება უკვე კვირებია მთელი ქვეყნის მასშტაბით მასობრივ პროტესტს იწვევს და ქვეყნის ისედაც მყიფე პოლიტიკურ და სოციალურ გარემოს არყევს.

ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა უკვე ნათლად განაცხადეს, რომ ასეთი კანონმდებლობის სრული ამოქმედება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებს მოსპობს. ევროპარლამენტმა მიანიშნა, რომ გარკვეული პრივილეგიები, რომლითაც საქართველო სარგებლობს ევროკავშირთან, მათ შორის ვიზალიბერალიზაცია, შეიძლება რისკის ქვეშ დადგეს. შეერთებულ შტატებში, კონგრესმა და სახელმწიფო დეპარტამენტმა პირობა დადეს, რომ დაიცავენ და მხარს დაუჭერენ ქართველი ხალხის ძლიერ და ხანგრძლივ დემოკრატიულ და ევროატლანტიკურ არჩევანს, მათ შორის პოტენციურად ინდივიდუალური ვიზების აკრძალვის, ფინანსური სანქციების, დახმარების პაკეტების გადახედვისა და სხვა ზომების მეშვეობით. მიუხედავად ყველაფრისა, ქართული ოცნების ხელისუფლება პროდემოკრატიულ და პროდასავლურ მოსახლეობას მათი ნების საწინააღმდეგოდ მიათრევს მოსკოვისკენ და მზადაა ამ გზაზე დიდი ზიანი მიაყენოს ქვეყანას". - წერს ჰელსინკის კომისია.

განცხადების მიხედვით, მოსმენაზე კითხვებს უპასუხებენ დარგის ექსპერტები, საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი, უილიამ კორტნი, საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში, ნატალია საბანაძე და ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ვანო ჩხიკვაძე.

კომენტარები