რუსული კანონი

კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტების თქმით, მათ თსუ-სთან ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტების ნაწილი ამბობს, რომ თსუ-ს მე-2 კორპუსთან, სადაც ისინი ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად, პროტესტის გამოსახატავად შეიკრიბნენ, მათ გარკვეული ჯგუფი ფიზიკურად დაუპირისპირდა. 

სტუდენტების ნაწილი თსუ-ს მე-2 კორპუსის შესასვლელთან შეიკრიბა, რათა ლექციის ჩასატარებლად უნივერსიტეტში მისულ ირაკლი კობახიძეს ბანერებით დახვედროდნენ და რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტი ასე გამოეხატათ.

"დღეს მშვიდობიანი პროტესტი გვქონდა დაგეგმილი, უბრალოდ უნდა ვმდგარიყავით და - მოვიდნენ, პროვოკაციები დაიწყეს, რასაც არავინ ავყევით. როცა მიხვდნენ, რომ ამას აზრი არ ჰქონდა, დარტყმაზე გადმოვიდნენ. ხელი გოგოებსაც მოხვდათ [...] მაქსიმალურად გამოვიწიეთ, მაგრამ შემდეგ ამოსვლა გვერდებიდან დაიწყეს". - თქვა ერთ-ერთმა სტუდენტმა TV პირველთან საუბარში.

ადგილზე საპატრულო პოლიციაც იყო მობილიზებული, თუმცა, კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტები ამბობენ, რომ სამართალდამცველებმა არაფერი გააკეთეს და მოძალადეებს მწვანე შუქი აუნთეს.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, გოგა მემანიშვილმა კი TV პირველს უთხრა, რომ ის სტუდენტები, რომლებიც უნივერსიტეტთან პროტესტის გამოსახატავად შეიკრიბნენ, პროვოკატორები არიან.

"ისინი რომ იგინებიან, იმათ რატომ არ იღებთ?". - უთხრა მემანიშვილმა TV პირველის ჟურნალისტს.

მთავარი არხის ინფორმაციით, სტუდენტებზე მოძალადე პირების ნაწილი ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წევრია.

ამ დროისთვის, ირაკლი კობახიძემ ლექცია უკვე დაასრულა და უნივერსიტეტი დატოვა.

კომენტარები