რუსულ-ქართულ ბიზნეს საბჭოზე გადახდებისთვის რუბლისა და ლარის ორმხრივი გამოყენება განიხილეს

Эхо Кавказа

რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცეპრეზიდენტმა ვლადიმირ პადალკომ რუსულ-ქართული ბიზნეს საბჭოს სხდომაზე საბჭოს საქმიანობა დადებითად შეაფასა და ეროვნული ვალუტების, რუბლისა და ლარის ორმხრივი გამოყენების საჭიროებაზე ისაუბრა.

პადალკომ იმედი გამოთქვა, რომ "საგარეო საქმეთა სამინისტროები საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე მუშაობას გააქტიურებენ".

ამის შესახებ საბჭოს პრესრელიზში წერია.

"სამომავლოდ ეროვნული ვალუტის თვალსაზრისით ორმხრივ ანგარიშსწორებაზე უნდა გადავიდეთ, რათა გადახდის საშუალება იყოს როგორც რუბლი, ისე ლარი, ფინანსური ტრანზაქციები კი შუამავლების გარეშე განხორციელდეს". - წერია პრესრელიზში

პადალკომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ იმედიანი დამოკიდებულება გამოხატა და აღნიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს "თანამშრომლობის მშენებლობაში" მონაწილე არც ერთ პირს "ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ ჩვენი ურთიერთობები განვითარდება და არ შეფერხდება". 

ბიზნეს საბჭოს ვიცეპრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ წინა წლის მაისში საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზო მიმოსვლის საშუალება მიეცათ და პირდაპირი ფრენები განახლდა.

პადალკომ ხაზი გაუსვა თანამშრომლობას ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სფეროში. პრესრელიზში ვკითხულობთ, რომ "მათ შორის, სამხრეთ ოსეთის გავლით სარკინიგზო კომუნიკაციების აღდგენა არის შესაძლებელი".

რუსულ-ქართული ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დავით ცეცხლაძემ რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობის წინ წაწევას მხარი დაუჭირა და, როგორც პრესრელიზში წერია, თქვა, რომ "ბავშვებს რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობის მყარი საფუძველი უნდა დავუოტოვოთ".

საბჭოს თავმჯდომარემ, იური ბალაშოვმა აღნიშნა, რომ 2023 წელს საქართველოს რუსეთი 1,2 მილიონი ტურისტი ეწვია, რაც წინა წელთან შედარებით 10%-იან ზრდასა და მთლიანად ტურისტების რაოდენობის 23.2%-ს შეადგენს.

სხდომაზე რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის, დმიტრი ვოლვაჩის წერილი წაიკითხეს, რომელმაც ორმხრივი თანამშრომლობის დადებითი დინამიკას გაუსვა ხაზი.

კომენტარები