რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოლეშჩუკი: რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი Ту-22 გავანადგურეთ

ჩამოგდებული Ту-22М3
Telegram / Владимир Владимиров

უკრაინის სამხედრო ძალების ინფორმაციით, 19 აპრილს რუსეთის მიერ უკრაინულ ქალაქებზე დრონებითა და რაკეტებით მიტანილი იერიშის ფონზე, უკრაინამ რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი Ту-22 გაანადგურა. გავრცელებული ცნობით, დაიღუპა ეკიპაჟის ერთი წევრი, ხოლო პილოტს ჯერ კიდევ ეძებენ.

მანამდე, რუსული სამთავრობო მედიები TSS და RIA წერდნენ, რომ Ту-22М3 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი რუსეთის ფედერაციის სტავროპოლის მხარეში ჩამოვარდა.

ამასთანავე, სტავროპოლის მხარის გუბერნატორმა ვლადიმირ ვლადიმიროვმა დაწერა, რომ "[სტავროპოლის] მხარის კრასნოგვარდისკის ოლქში თვითმფრინავი მდელოზე ჩამოვარდა. ოპერატიული მონაცემებით, [შემთხვევას] მსხვერპლი და დაზიანება არ მოჰყოლია, პილოტებმა კატაპულტირება მოასწრეს".

მოგვიანებით, უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა დაადასტურა, რომ რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი უკრაინის სამხედრო ძალებმა გაანადგურა.

"პირველად [უკრაინის] საჰაერო ძალების ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო დანაყოფმა, უკრაინის თავდაცვის დაზვერვასთან თანამშრომლობით, შორ მანძილზე მოქმედი სტრატეგიული ბომბდამშენი Ту-22 გაანადგურა, რომელსაც Х-22-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტები გადააქვს, რასაც რუსი ტერორისტები მშვიდობიან უკრაინულ ქალაქებზე თავდასასხმელად იყენებს". - განაცხადა ოლეშჩუკმა Telegram არხზე.

ამას გარდა, გამოცემა Українська правда-მ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც სავარაუდოდ Ту-22-ის ვარდნის მომენტია ასახული:

კომენტარები