ევროკავშირი

ბორელი: ევროკავშირმა თავდაცვის პარადიგმა უნდა შეცვალოს

EPA

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი  წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირმა თავდაცვის პარადიგმა უნდა შეცვალოს. ამის შესახებ ბორელი საკუთარ ბლოგზე წერს.

როგორც ბორელი აღნიშნავს, ევროკავშირმა საკუთარი უსაფრთხოება დიდი ხნის განმავლობაში აშშ-ს გადააბარა და ბოლო 30 წლის განმავლობაში, ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ, ევროპამ საკუთარ თავს "ჩუმად განიარაღების" უფლება მისცა.

ბორელი წერს, რომ ევროკავშირი შიდა ბაზრისა და ეკონომიკის ირგვლივ აშენდა, თუმცა, მისი აზრით, ამ გზას ვერ გააგრძელებს.

"ჩვენ უნდა ავიღოთ სტრატეგიული პასუხისმგებლობა და შევძლოთ საკუთარი ძალებით ევროპის დაცვა, განვავითაროთ ძლიერი ევროპული საყრდენი NATO-ს ფარგლებში. ეს ნახტომი ძალიან მოკლე დროში უნდა გავაკეთოთ. არა იმიტომ, რომ ჩვენ ბრძოლას ვაპირებთ: ჩვენ გვინდა ავიცილოთ ომი ნებისმიერი აგრესორის საიმედოდ შეკავების საშუალებებით. ეს არ ნიშნავს ევროპული არმიის შექმნას. თავდაცვა არის და დარჩება უახლოეს მომავალში ჩვენი წევრი ქვეყნების ექსკლუზიურ კომპეტენციად ". - წერს ბორელი.

ამასთან, ბორელის თქმით, საუბარია პირველ რიგში ეროვნულ დონეზე თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 2%-ზე მეტად გაზრდაზე.

კომენტარები