ირანის თავდასხმა ისრაელზე

ირანი ისრაელს თავს ესხმის დრონებითა და რაკეტებით

ირანული დრონები
ირანის არმია

ისრაელის თავდაცვის ძალების არაბულენოვანი პრესსპიკერი ავიხაი ადრაი ადასტურებს, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით დრონები გაუშვა.

მისი თქმით, დრონები ისრაელის ტერიტორიას რამდენიმე საათში მიაღწევს.

იგი ასევე ამბობს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) და საჰაერო ძალები გეგმურ ზომებს იღებენ, რათა თავდასხმას სათანადოდ გაუმკლავდნენ.

სპიკერის თქმით, ამ დროისთვის გამორთულია GPS სერვისები.

1-ელ აპრილს სირიაში, დამასკოში ისრაელის მიერ ირანის საელჩოზე მიტანილ დარტყმას ემსხვერპლა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსანი მუჰამედ რეზა ზაჰედი, საკუთარ მოადგილესთან, გუშაგთა კორპუსის კიდევ 5 წევრთან და დაჯგუფება ჰეზბოლას 1 წევრთან ერთად. ირანმა ეს ცნობა დაადასტურა. ისრაელს შურისძიებით დაემუქრა როგორც ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი, ისე უმაღლესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ირანის ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმებს ელოდნენ. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი და თავდაცვის მინისტრი ამბობდნენ, რომ თუ თეირანი იერიშს საკუთარი ტერიტორიიდან მიიტანდა, ირანს დაარტყამდნენ.

ირანს ისრაელის გარშემო, ახლო აღმოსავლეთში მარიონეტული მოკავშირეებიც ჰყავს. მათ შორის მნიშვნელოვანია შიიტური დაჯგუფება ჰეზბოლა, რომელიც ისრაელის მეზობელი ლიბანის სამხრეთს, ფაქტობრივად, აკონტროლებს. ამას გარდა, თეირანის მოკავშირეები არიან ერაყში მოქმედი შიიტური დაჯგუფებები და იემენელი ჰუსიტები. ირანის მოკავშირეა თავად ჰამასიც, რომელიც სხვა ჯგუფებისგან განსხვავებით სუნიტურია. შიიტური დაჯგუფებები ისრაელზე თავდასხმას 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ცდილობდნენ.

კომენტარები