ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

IDF-ის თქმით, ნაპოვნია 14 წლის ბიჭის ცხედარი, რომელიც ტერორისტულ თავდასხმაში მოკლეს

14 წლის ბენიამინ ახიმეირი, რომელიც დასავლეთ სანაპიროზე 12 აპრილს დაიკარგა და მოგვიანებით მოკლული იპოვეს
Times of Israel

დღეს, 13 აპრილს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) 14 წლის ისრაელელი ბიჭის ცხედარი იპოვა, რომელიც დასავლეთ სანაპიროზე მწყემსობის დროს დაიკარგა.

IDF-ისა და შინ ბეთის უსაფრთხოების სააგენტოს ერთობლივი განცხადებით, იერუსალიმის მოსახლე ბენიამინ ახიმეირი ტერორისტულ თავდასხმაში მოკლეს.

ამას გარდა, დღეს შუადღით, ცხედრის პოვნის შემდეგ, ისრაელელ მოსახლეებსა და პალესტინელებს შორის ძალადობრივი შეტაკებების შესახებ ცნობები გავრცელდა.

პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის მედიის ინფორმაციით, შეტაკებების დროს ერთ-ერთ პალესტინელს ესროლეს. ხოლო ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოსახლეობას მოუწოდა, მკვლელების დაკავებასა და წესრიგის შენარჩუნებაში უსაფრთხოების სამსახურს ხელი არ შეუშალონ.

განცხადება გაავრცელა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანთმაც, რომელმაც საზოგადოება გააფრთხილა, რომ შურისძიების მიზნით თავდასხმები ისრაელის ძალოვანი სტრუქტურებისთვის მისიის შესრულებას კიდევ უფრო გაართულებს.

"კანონის აღსრულებას საკუთარ ხელში ნუ აიღებთ". - თქვა გალანთმა.

სამძებრო სამუშაოების მიმდინარეობის პარალელურად, ისრაელელმა მოსახლეებმა დასავლეთ სანაპიროს ერთ-ერთ სოფელში სახლებსა და მანქანას ცეცხლი წაუკიდეს, ხოლო ისრაელელ ჯარისკაცებსა და პალესტინელებს შორის შეტაკებები მოხდა. შედეგად ერთი პალესტინელი გარდაიცვალა, ხოლო ათზე მეტი დაშავდა.

ახიმეირის ცხედარი დღეს დილით სასაზღვრო თავდაცვის ძალების სადაზვერვო დანაყოფმა დრონიდან იმ ფერმის მახლობლად დაინახა, საიდანაც იგი თავდაპირველად დაიკარგა. გამოძიების მიხედვით, მკვლელობაზე პასუხისმგებელი სავარაუდოდ პალესტინელი ტერორისტი იყო.

კომენტარები