სუდანის სამოქალაქო ომი

სუდანის ჯარი სამოქალაქო ომში უპირატესობის მოსაპოვებლად ირანულ დრონებს იყენებს

ირანული დრონები
ირანის არმია

სუდანის არმიის თქმით, სამოქალაქო ომში უპირატესობის მოსაპოვებლად ირანში დამზადებული დრონების გამოყენება დაიწყეს.

ირანელმა მაღალჩინოსანმა გამოცემა Reuters-თან დაადასტურა, რომ სუდანის ჯარმა სწრაფი რეაგირების ძალების (RSF) წინააღმდეგ ირანული დრონების გამოყენება დაიწყეს. თუმცა, სუდანი უარყოფს, რომ უპილოტო საფრენი აპარატები უშუალოდ ირანისგან მიიღეს. Reuters-თან საუბრისას სუდანის მოქმედმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ალი სადექმა განაცხადა, რომ "სუდანს ირანისგან შეიარაღება არ მიუღია".

ირანული და რეგიონული წყაროების თქმით, ირანისთვის სუდანის არმიის მხარდაჭერის მიზანი ურთიერთობის განმტკიცებაა. სუდანის სტრატეგიული მნიშვნელობა წითელ ზღვაზე გასასვლელით არის განპირობებული, სადაც ისრაელის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების დაჯგუფება, ჰამას-ისრაელის ომის ფონზე, სავაჭრო საზღვაო გზებსა და გემებს ესხმის თავს.

ბოლო წლებში ირანული დრონების გამოყენება სხვადასხვა ქვეყანამ და შეიარაღებულმა დაჯგუფებამ დაიწყო, მათ შორის რუსეთმა, სირიის რეჟიმმა და იემენელმა ჰუსიტებმა. დისტანციურად მართვადი დრონების დანიშნულება სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება და საარტილერიო სამიზნეების დადგენაა.

სუდანის სამოქალაქო ომში სხვადასხვა გარე ფაქტორია ჩართული, მათ შორის რუსეთიც. სამოქალაქო ომში მოქმედებს კსკ ვაგნერის ჯგუფი, რომელიც RSF-ს (ირანის მიერ მხარდაჭერილი სუდანის არმიის მოწინააღმდეგეებს) აქტიურად უჭერს მხარს.

ამასთანავე, გასული წლის სექტემბერში CNN-მა გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ამბობდნენ, რომ ასახული იყო თუ როგორ ატარებდნენ უკრაინელი სამხედროები სუდანში ვაგნერისა და მათ მხარდაჭერილი ჯგუფის წინააღმდეგ ოპერაციებს. საუბარი იყო როგორც დრონით შესრულებულ თავდასხმებზე, ისე რამდენიმე მცირე ზომის სახმელეთო ოპერაციაზე.

როგორც CNN-ი წერდა, მათთან ანონიმურად ისაუბრა უკრაინის სამხედრო წყარომ და ვაგნერის მხარდაჭერილ სწრაფი რეაგირების ძალებზე (RSF) განხორციელებულ თავდასხმებზე თქვა, რომ ეს არ იყო სუდანის არმიის მიერ შესრულებული სამუშაო. კითხვაზე, იდგა თუ არა კიევი ამ თავდასხმების უკან, წყარომ CNN-თან თქვა, რომ "პასუხისმგებლები, ალბათ, უკრაინის სპეცსამსახურები არიან".

ამის შემდეგ, Kyiv Post-მა გასული წლის ნოემბერში გამოაქვეყნა 2 ვიდეო, რომლებზეც ასევე ირწმუნებოდნენ, რომ სუდანში რუსი დაქირავებულების წინააღმდეგ უკრაინელი სამხედროების მოქმედებები იყო ასახული. 2024 წლის თებერვალში ამავე გამოცემამ იგივე თემატიკის კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა.

სისხლი და ოქრო – ვაგნერის ჯგუფისა და ევგენი პრიგოჟინის აქტიურობა სუდანში

სუდანში დაპირისპირება 2023 წლის აპრილში დაიწყო. ერთმანეთთან იბრძვიან ყოფილი მოკავშირეები: სუდანის არმია, რომელსაც გენერალი აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანი მეთაურობს და სწრაფი რეაგირების ძალები (RSF), რომლის მეთაურიც მუჰამედ ჰამდან დაგლოა.  RSF-ს აქტიურად უჭერდა მხარს ვაგნერის ჯგუფი.

მას შემდეგ, რაც კსკ ვაგნერის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი წარუმატებელი აჯანყების შემდეგ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა, მოქირავნეთა ჯგუფზე გავლენის მოპოვებას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ცდილობდა.

კომენტარები