რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"ვერ დავნებდებით" - ზინჩენკო ამბობს, რომ გაწვევის შემთხვევაში უკრაინაში ომში ჩაერთვება

არსენალის ფეხბურთელი, ალექსანდრ ზინჩენკო
ფოტო: PA

ლონდონის არსენალის ფეხბურთელი, ალექსანდრ ზინჩენკო ამბობს, რომ თუ უკრაინა ომში გაიწვევს, გაერთიანებულ სამეფოს დატოვებს და წავა.

27 წლის უკრაინელმა ფეხბურთელმა ამის შესახებ BBC-თან ისაუბრა. ზინჩენკოს თქმით, მას შემდეგ რაც 2022 წელს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მან თავისი თანამოქალაქეების დასახმარებლად დაახლოებით 1 მილიონი გირვანქა სტერლინგი გაიღო.

წამყვანმა ფეხბურთელს ჰკითხა, მიიღებდა თუ არა გაწვევას ომში, თუ ამაში უფრო მეტ ღირებულებას დაინახავდა, ვიდრე პრემიერლიგაში დარჩენასა და ფეხბურთის თამაშში.

"ვფიქრობ, პასუხი ცხადია. წავიდოდი". - უპასუხა ზინჩენკომ.

მისივე თქმით, სკოლაში მისი მეგობრები ამჟამად ფრონტზე იმყოფებიან.

"რთულია იმის გააზრება, რომ ცოტა ხნის ჩვენ ერთად ვსწავლობდით, ერთად ვთამაშობდით სათამაშო ან ფეხბურთის მოედანზე, ახლა კი მათ საკუთარი ქვეყნის დაცვა უწევთ. სიმართლე რომ გითხრათ, ამის მიღება ძალიან მიჭირს, მაგრამ ვითარება ისეთია, როგორიც არის. ჩვენ ვერ დავნებდებით". - ამბობს ფეხბურთელი.

ზინჩენკოს თქმით, ადამიანებს ჰგონიათ, რომ მისთვის უფრო მარტივია დიდ ბრიტანეთში ყოფნა, ვიდრე თავის სამშობლოში - უკრაინაში.

"იმედი მაქვს, ომი მალე დამთავრდება". - ამბობს ალექსანდ ზინჩენკო.

კომენტარები