რუსული კანონი

ნინო კასრაძე რუსულ კანონზე: დესტაბილიზაციას და არეულობას გამოიწვევს, ალბათ, ეს არის მიზანი

მე, ვინაიდან სოციალურ ქსელში არ ვარ, გვიან ვიგებ ახალ ამბავს... გუშინ, მართალი გითხრათ, მოგვიანებით გავიგე და არ დავიჯერე. მე მეგონა, რომ ეს მაინც ეხებოდა LGBT პროპაგანდასთან დაკავშირებით კანონს, იმდენად ვერ წარმოვიდგინე...

...ახლა ისევ ამის თავიდან ინიცირება, ეს უკვე ძალადობაა და არის ძალით გატანა. ჩემი თვალსაზრისით, ეს ყველაფერი არეულობას უწყობს ხელს და ჩემი ასაკის ადამიანისთვის ძალიან მძიმეა... ეს მხოლოდ დესტაბილიზაციას და არეულობას გამოიწვევს. ალბათ, ეს არის მიზანი. ეს ისე მიკვირს, ამ არჩევნების წინ, ეს არეულობა რაში სჭირდებათ. ეს არის ისევ დაძაბულობა, ისევ ქუჩაში გამოსვლა...

ცოტა ხნის წინ ასეთი დიდი სიხარული იყო საზოგადოება გაერთიანდა, ერთი სულისკვეთება იყო - ფეხბურთს ვგულისხმობ - დადებითი შლეიფი იყო და ჩემთვის კიდეც ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდეს, ასე წყნარად და მშვიდად, სიხარულის განცდით იცხოვროს ადამიანმა. ახლა ეს ყველაფერი ძალიან გართულდება. უკიდურესად გართულდება. თუ ეს არის მათი მიზანი, ეს შესრულდება. ეს ესეც იქნება. დესტაბილიზაცია მოჰყვება ამას, მეტი არაფერი.

რა შეიცვლება? ხალხი, ვინც გარეთ იყო გამოსული, ახლა იმათში ბრაზი რამხელაა. რამხელა განცდაა. ალბათ, ელოდებიან, რომ რაღაც ნაწილი უკვე ისეა გადაღლილი და ისეა სასოწარკვეთამდე მისული, რომ შეიძლება რეაგირება არ მოახდინოს. არის ამაში რაღაც ლოგიკა. ჩემი თაობის ხალხს ძალიან უჭირს. ენერგია გვაქვს ცოტა. მაგრამ არა იმდენად ცოტა, რომ ჩვენი პრინციპები ვერ დავიცვათ... ისევ იქ [აქციაზე] ვიქნები.

ამბობს მსახიობი ნინო კასრაძე მთავარ არხთან ინტერვიუში.

3 აპრილს, ქართულმა ოცნებამ არასამთავრობო ორგანიზაციების "ფინანსების გამჭვირვალობასთან" დაკავშირებული რუსული კანონპროექტი ხელახლა დააინიცირა.

კომენტარები