ენმ

ხობის და ცაგერის ენმ-ის ფრაქციები გაუქმდა – დეპუტატები პარტია ახალს შეუერთდნენ

ნიკა მელია და ნიკა გვარამია პოლიტიკური გაერთიანება "ახალის" პრეზენტაციაზე, 11 მარტი 2024 წელი

ხობისა და ცაგერის საკრებულოებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციები გაუქმდა, წამოსული დეპუტატები კი ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას პარტიას, ახალს შეუერთდნენ.

პარტია ახალში გადასულმა დეპუტატებმა, ნინო ტვილდიანმა და ია ჯიშკარიანმა მთავარ არხთან საუბრისას აღნიშნეს, რომ ენმ-ში დარჩენილები საქმიანობას უფრაქციო დეპუტატებად განაგრძობენ.

"ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დავტოვეთ ფრაქციის უმრავლესობამ, აქედან გამომდინარე, შევუცვალეთ სახელი, დავარქვით ახალი და საკრებულოში 27 მარტიდან ოფიციალურად რეგისტრირებულია ფრაქცია ახალი.

ნაციონალური მოძრაობის მხოლოდ ერთი წევრი დარჩა ჩვენს ფრაქციაში.” - თქვა ტვილდიანმა.

2023 წლის 6 დეკემბერს ხობის საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 11 წევრიდან პარტია 10-მა დატოვა.

ლევან ხაბეიშვილის გადადგომა და ყრილობის მოწვევა ზუგდიდის, ხობის, ჭიათურის, მცხეთის, ქუთაისის, ფოთის, ამბროლაურის, ცაგერის, კასპის, ახალციხის და თერჯოლის საკრებულოებში ენმ-ის ფრაქციის მოქმედმა და ყოფილმა წევრებმაც მოითხოვეს.

გუშინ, 29 მარტს პარტია ახალის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ თქვა, რომ ქუთაისის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობიდან წამოსული დეპუტატები მის გუნდს უერთდებიან.

კომენტარები