პოლონეთი

კონტრდაზვერვის გამოძიების ფონზე, პოლონეთმა სტრასბურგიდან გენერალი გაათავისუფლა

იაროსლავ გრომაძინსკი  
Radio Poland  

27 მარტს პოლონეთმა გაათავისუფლა ევროპულ კორპუსში საკუთარი უმაღლესი გენერალი იაროსლავ გრომაძინსკი, რადგან მასთან დაკავშირებით კონტრდაზვერვის სამსახურმა გამოძიებამ დაიწყო. 

გენერალ-ლეიტენანტი იაროსლავ გრომაძინსკი 2023 წლის ივნისიდან ხელმძღვანელობდა ევროპულ კორპუსს, ევროკავშირისა და NATO-ს ზოგიერთი ქვეყნის ერთობლივ სამხედრო ჯგუფს. აქამდ ის მსახურობდა ერაყშიც და მეთაურობდა პოლონეთის მე-18 მექანიზებულ ბრიგადასაც. ამას გარდა, გასულ წელს პოლონეთის საზოგადოებრივი რადიო ავრცელებდა ცნობას, რომ გრომაძინსკი გერმანიაში, ვისბადენში ამერიკელ ოფიცრებთან ერთად უკრაინელი სამხედროების წვრთნებს ხელმძღვანელობდა.

"სამხედრო კონტრდაზვერვის სამსახურმა დაიწყო შემოწმების პროცესი გენერალ-ლეიტენანტი იაროსლავ გრომაძინსკის პირადი უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით ოფიცერზე ახალი ინფორმაციის მოპოვების შემდეგ. ამიტომაც, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გათავისუფლდეს გენერალ-ლეიტენანტი გრომაძინსკი ევროკორპუსში არსებული მეთაურის პოზიციიდან და დაუყოვნებლივ დაბრუნებულ იქნას ქვეყანაში." – ნათქვამია პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ევროკორპუსი საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგშია ბაზირებული. პოლონეთი ევროკორპუსის პროგრამას 2022 წლის იანვარში დაემატა და შეურთდა საფრანგეთს, გერმანიას, ბელგიას, ლუქსემბურგსა და ესპანეთს.

გრომაძინსკიმ საკუთარ X-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ის ამბობს, რომ 34-წლიანი სამსახურის პერიოდში მისთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო "სამხედროების კეთილდღეობა და სამშობლოს კარგად ყოფნა". მისი თქმით, მას არაფერი დაუშავებია და დარწმუნებულია, რომ გამოძიება მისთვის სასიკეთოდ დასრულდება.

 
 

კომენტარები