ალექსეი ნავალნის სიკვდილი

პუტინი: ნავალნის გარდაცვალებამდე კოლეგებმა მითხრეს, მისი გაცვლის იდეა რომ არსებობდა

ვლადიმირ პუტინი მსოფლიო ახალგაზრდულ ფესტივალზე, 2024 წლის 7 მარტი
კრემლი

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებულ პრესკონფერენციაზე ვლადიმირ პუტინმა პირველად ახსენა ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მისი გვარით და დაადასტურა, რომ არსებობდა მისი დასავლურ ქვეყნებში დაპატიმრებულ პირებში გაცვლის იდეა. 

"რაც შეეხება ბატონ ნავალნის, დიახ, მან ეს სიცოცხლე დატოვა. ეს ყოველთვის სამწუხარო მოვლენაა. თუმცა ჩვენ სხვა შემთხვევებიც გვქონია, როცა დაპატიმრებული პირები კვდებოდნენ. განა აშშ-ში ეს არ მომხდარა? მომხდარა, არაერთხელ." - თქვა პუტინმა.

პუტინის თქმით, მას "ზოგიერთმა კოლეგამ" შეატყობინა, რომ არსებობდა ნავალნის გაცვლის იდეა, რასაც, როგორც რუსეთის პრეზიდენტი ირწმუნება, დაუყოვნებლივ დათანხმდა.

"სხვათა შორის, რაღაცას გეტყვით, ეს მოულოდნელი იქნება: ბატონი ნავალნის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე მე ზოგიერთმა კოლეგამ, არა ადმინისტრაციის თანამშრომლებმა, მითხრეს, რომ არსებობს ნავალნის დასავლეთში პატიმრობაში მყოფ ზოგიერთ ადამიანში გაცვლის იდეა. გინდ დამიჯერეთ, გინდ არა... ადამიანს, რომელიც მელაპარაკებოდა, ფრაზაც არ ჰქონდა დასრულებული, ვუთხარი თანახმა ვარ-მეთქი. მაგრამ, სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც მოხდა. მხოლოდ ერთი [პირობით] დავთანხმდებოდი: რომ მას გავცვლიდით და აღარ დაბრუნებულიყო, ყოფილიყო იქ. მაგრამ ასეც ხდება, ვერაფერს გააკეთებ, ასეთია ცხოვრება." - თქვა პუტინმა.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის სიკვდილიდან რამდენიმე დღეში, 26 თებერვალს მისმა თანაგუნდელმა მარია პევჩიხმა გაავრცელა ცნობა, რომ იგეგმებოდა ნავალნისა და რუსეთის მიერ დაკავებული აშშ-ს ორი მოქალაქის საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელ ვადიმ კრასიკოვში გაცვლა. კრასიკოვი გერმანიის ციხეშია. უცნობია, თუ რა ეტაპზე იყო ეს საუბრები, რომელთა არსებობა დასავლურ მედიებთან სხვა წყაროებმაც დაადასტურეს.

ამას გარდა, მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ მოლაპარაკებებში ჩართული იყო რუსი ბიზნესმენი რომან აბრამოვიჩი.

კომენტარები