ახალი რუსული კანონი

"ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა" – ოცნება საკონსტიტუციო ცვლილებას აინიცირებს

ქართული ოცნება საკონსტიტუციო ცვლილებებს დააინიცირებს, რომელიც "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვას" შეეხება. ამის შესახებ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ისაუბრა.

"გადავწყვიტეთ, პირველ რიგში, საკონსტიტუციო ცვლილებები დავაინიციროთ, სადაც მკაფიოდ გაიწერება ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის გარანტიები. ამის შემდეგ, ახლო მომავალში, ჩვენ კანონებში შესაბამის და უფრო კონკრეტულ ცვლილებებსაც დავაინიცირებთ, რომელიც, დაახლოებით, რამდენიმე ათეულ კანონს მოიცავს [...] ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მისი მხარდაჭერა ახლა თუ არა, მომდევნო მოწვევის პარლამენტში მაინც იყოს უზრუნველყოფილი. ხოლო კანონებში ცვლილებებს კი, რომელიც ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მეტი კონკრეტიკა იქნება, ამ წელს გარანტირებულად მივიღებთ.

ორი კონსტიტუციური კანონი ინიცირდება. პირველი კონსტიტუციის 30-ე მუხლს შეეხება, სადაც ჩვენ 2017 წელს ქორწინების დეფინიცია განვსაზღვრეთ, რომელიც ოჯახს განიხილავს, როგორც ქალისა და კაცის კავშირს. ამ მუხლს მე-3 პუნქტი დაემატება, შემდეგი შინაარსით და ჩაიწერება, რომ - ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციციური, ანუ ამ, მეორე კანონით, რასაც ახლა მოგახსენებთ. გაგაცნობთ ამ ცვლილებების მუხლებსა და პუნქტებს:

  1. კანონმდებლობით შეიძლება მოწესრიგდეს ქორწინებასთან მიმსგავსებული მხოლოდ იმგვარი ურთიერთობა, რომელიც არანაკლებ 18 წლის ერთი გენეტიკური მამაკაცისა და ერთი გენეტიკური ქალის კავშირს ითვალისწინებს.
  2. არასრულწლოვნის შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად, ქორწინებაში მყოფი მეუღლეების, ან ჰეტეროსექსუალი პირის მიერ.
  3. აკრძალულია ადამიანის სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა.
  4. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემულ დოკუმენტში მხოლოდ მდედრობითი ან მამრობითი სქესი მიეთითება, რომელიც მის გენეტიკურ მონაცემებს ემთხვევა.
  5. ბათილია საჯარო ხელისუფლების, ან კერძო პირის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებას პირდაპირი ან ირიბი ფორმით ზღუდავს. 
  6. აკრძალულია იმგვარი შეკრება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვნის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.
  7. აკრძალულია იმგვარი შინაარსის ნაწარმოების, პროგრამის ან სხვა მასალის გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვნის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის, ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაცისკენაა მიმართული. 
  8. აკრძალულია საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროცესში იმგვარი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც  ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვნის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის, ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაცისკენ არის მიმართული. 

 

კომენტარები