ინგლისის სამეფო ოჯახი

TMZ და THE SUN ქეით მიდლტონის სავარაუდოდ ახალ ვიდეოს ავრცელებენ

ტაბლოიდები The Sun და TMZ ქეით მიდლტონის სავარაუდოდ ახალ ვიდეოს ავრცელებენ.

ყვითელი გამოცემების მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში სავარაუდოდ ჩანან უელსის პრინცესა და დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი უილიამი. 

The Sun-ისა და TMZ-ის მტკიცებით, საჯარო ვიდეო მიდლტონს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოს სკანდალის შემდეგ პირველად გადაუღეს.


11 მარტს ქეით მიდლტონმა იანვარში გაკეთებული ოპერაციის შემდეგ სოციალურ ქსელში შვილებთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. რამდენიმე დღეში ფოტოს ავთენტურობაში რამდენიმე გამოცემამ შეიტანა ეჭვი.

მოგვიანებით მიდლტონმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე შექმნილი გაუგებრობის გამო ბოდიში მოიხადა. 

"როგორც სხვა ბევრი მოყვარული ფოტოგრაფი მეც ხანდახან ვატარებ ექსპერიმენტებს ფოტოების დამუშავებაზე. მსურს ბოდიში მოვიხადო ყველა გაუგებრობისთვის, რაც გუშინ გავრცელებულმა ფოტომ გამოიწვია" - წერს უელსის პრინცესა სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი Twitter).

17 იანვარს კენსინგტონის სასახლემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 42 წლის ქეით მიდლტონმა ლონდონის კლინიკაში დაგეგმილი ოპერაცია გაიკეთა, რომელიც წარმატებით დასრულდა. ოფიციალურად არ გავრცელებულა ინფორმაცია, თუ რა ტიპის ქირურგიული ჩარევა დაჭირდა უელსის პრინცესას. სასახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქეით მიდლტონი საავადმყოფოდან მალევე გამოწერეს და ის პოსტოპერაციულ პერიოდს სახლში, ადელაიდას კოტეჯში, თავისი ოჯახის წევრების გარემოცვაში გადის. უელსის პრინცესას ოფისის ცნობით, ის, დიდი ალბათობით, აღდგომამდე თავის ოფიციალურ მოვალეობებს და ფუნქციებს არ დაუბრუნდება. ქეით მიდლტონის ოპერაციის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობამ საზოგადოებაში ბევრი ჭორი და კონსპირაციული თეორია წარმოშვა.

მარტის დასაწყისში, ინტერნეტში ქეით მიდლტონის პაპარაცის მიერ გადაღებული ფოტოები გავრცელდა. ქეით მიდლტონი ფოტოგრაფებმა უინძორის სასახლესთან ახლოს მანქანაში შენიშნეს, რომელსაც უელსის პრინცესის დედა, კეროლ მიდლტონი მართავდა. გავრცელებული ინფორმაციით, სურათი 4 მარტსაა გადაღებული.

კომენტარები