პირველი ოფიციალური შედეგების მიხედვით, რუსეთის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმირ პუტინმა გაიმარჯვა და ხმების 87.97% მოიპოვა. შედეგად, პუტინი რუსეთის პრეზიდენტი დამატებით კიდევ ერთი 6-წლიანი ვადით იქნება.
სახელმწიფო მფლობელობაში არსებული საზოგადოებრივი განწყობების კვლევის ორგანიზაციის (ВЦИОМ) მიხედვით, პუტინმა არჩევნებში ხმების 87% აიღო, ხოლო საზოგადოების აზრის ფონდის (FOM) ცნობით, პუტინს მოსახლეობის 87.8%-მა დაუჭირა მხარი.
საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით, მეორე ადგილზე ხმების 4%-ით "კომუნისტების" კანდიდატი ნიკოლაი ხარინტოვი გავიდა, ხოლო "ახალი ხალხის" ვლადისლავ დავანკოვმა და "ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის" ლეონიდ სლუცკიმ, შესაბამისად, 3.85% და 3.02% აიღეს.
ამ დროისთვის საარჩევნო ოლქების 24.4%-ია დათვლილი. საარჩევნო კომისიის ცნობით, 2024 წლის არჩევნებში 8 მილიონმა ადამიანმა ონლაინ მისცა ხმა, ხოლო ჯამში არჩევნებზე მოსახლეობის 74.22% მივიდა, რაც 2018 წლის 67.5%-იან მაჩვენებელს აღემატება.
რუსეთში მიმდინარე არჩევნებს თეთრი სახლი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები "აშკარად უსამართლო" იყო, ხოლო უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის "არჩევნების იმიტაციას" ლეგიტიმაცია არ აქვს.