ქართული ოცნება

TI: მარნეულის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარემ დეკლარაციაში ქონება და ბიზნესები არ ასახა

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს (TI) ცნობით, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარემ, ვასილ ხახულაშვილმა 2024 წელს შევსებულ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში სამეწარმეო საქმიანობის შესახებ არ მიუთითა და სრულად არ ასახა უძრავი ქონება.

"დარღვევა I: ხახულაშვილი ბიზნეს წილებს ოთხ კომპანიაში ფლობს, რომელთაგან არც ერთი არ არის ასახული დეკლარაციაში. საყურადღებოა, რომ სამეწარმეო საქმიანობის შესახებ მან არც 2022 და 2023 წლის დეკლარაციებში არ მიუთითა:

  • შპს აი გაზი - 25%

  • შპს აი გაზი+ - 50%

  • შპს გაზი 555 - 49%

  • შპს გაზი 555+ - 49%

დარღვევა II: ვასილ ხახულაშვილმა მის მფლობელობაში არსებული ბიზნესწილები მართვის უფლებით არ გადასცა მესამე პირს, რაც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის პირდაპირი დარღვევაა.

დარღვევა III: ვასილ ხახულაშვილმა დეკლარაციაში სრულად არ ასახა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. კერძოდ, მან არ მიუთითა ქალაქ მარნეულში მის საკუთრებაში არსებული 1400 და 1460 კვ.მ მიწის ნაკვეთები.” - წერს საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო.

ორგანიზაციის ცნობითვე, 2016 წელს ხახულაშვილმა და მისმა ბიზნეს პარტნიორმა გიორგი ქოიავამ პარტია ქართული ოცნებას 20-20 ათასი ლარი შესწირეს.

"საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის თანახმად, ვასილ ხახულაშვილი, როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, ვალდებულია ეს ინფორმაცია სრულად ასახოს მისი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში." - ნათქვამია განცხადებაში.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო მიმართავს ანტიკორუფციულ ბიუროს, რათა შეისწავლოს ვასილ ხახულაშვილის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევები და მოახდინოს კანონის შესაბამისი რეაგირება.

TI-იმ 12 მარტს ასევე გამოაქვეყნა კვლევა, სადაც ორგანიზაცია წერდა, რომ თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატმა, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახაბერ ლაბუჩიძემ 2024 წლის თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში საკუთარი უძრავი ქონება და საკრებულოში, წლის განმავლობაში აღებული ხელფასის რაოდენობა არ მიუთითა.

კომენტარები