დავით კეზერაშვილი

კეზერაშვილი ამბობს, რომ აშშ-ს ვიზაზე პრობლემები ოცნების კამპანიის გამო შეექმნა

ტელეკომპანია ფორმულა

ტელეკომპანია ფორმულა მათი დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის წარმომადგენლის განცხადებას ავრცელებს, სადაც ის წერს, რომ კეზერაშვილს აშშ-მ ვიზაზე უარი ქართული ოცნების ცილისწამების კამპანიის გამო უთხრა.

განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის დავით კეზერაშვილის წარმომადგენლის ვინაობა.

"საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციაა, რომ საქართველოს ხელისუფლება განმეორებითად უსაფუძვლოდ ადანაშაულებდა დავით კეზერაშვილს სხვადასხვა მართლმსაჯულების ორგანოს წინაშე.

ამ დრომდე ყველა სასამართლომ ევროპაში, რომელმაც განიხილა ეს ბრალდებები, დაინახა მათი ნამდვილი ხასიათი - რომ ეს არის პოლიტიკური ნადირობა კუდიანებზე, რომლის მიზანიც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსის გაჩუმებაა. მძლავრი პოლიტიკური მოტივაციები დაინახა ინტერპოლმაც, რომელმაც დიდი ხნის წინ შეწყვიტა საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნების გათვალისწინება.

მას შემდეგ, რაც ევროპაში ამოწურეს სასამართლოები და მართლმსაჯულების ორგანოები, რომლებიც მათ მოუსმენდნენ, გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ცილისწამების კამპანია ახლა ამერიკის შეერთებული შტატებისკენ მიმართა.

დავით კეზერაშვილმა აშშ-ში საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზას მიმართა, რომ შესაბამისი უწყებებისგან გამჭვირვალე პროცესის ფარგლებში მოიპოვოს მის შესახებ დოკუმენტებზე წვდომა. ეს წმინდად პროცედურული საკითხია და არ აქვს სხვა იმპლიკაციები, გარდა დავით კეზერაშვილი მოტივაციისა, რომ სრულად იყოს ინფორმირებული პროცესისა და დოკუმენტაციის შესახებ". - წერია განცხადებაში.


აშშ-ს კოლუმბიის ოლქის რაიონული სასამართლოს დოკუმენტიდან ირკვევა, რომ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბიზნესმენმა დავით კეზერაშვილმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს მას შემდეგ უჩივლა, რაც მან ამერიკის ვიზაზე უარი ფულის გათეთრების მუხლზე დაყრდნობით მიიღო.

Courtlistener.com-ზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერია, რომ კვიპროსში აშშ-ს საელჩომ კეზერაშვილს B-2 ტიპის ვიზაზე უარი 2023 წლის 18 ივლისს უთხრა, რადგან აშშ-ს საბაჟო და სასაზღვრო სამსახურმა კეზერაშვილი ვიზის გაცემისთვის შეუფერებლად 2023 წლის 1-ელ მაისს, იმიგრაციისა და ეროვნულობის აქტის 212-ე მუხლის (a)(2)(I) პუნქტზე დაყრდნობით ცნო.

კომენტარები