ქართული ოცნება

საკრებულოში ოცნების დეპუტატმა დეკლარაციაში საკუთარი ბინები და ხელფასი არ მიუთითა

თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატმა, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახაბერ ლაბუჩიძემ 2024 წლის თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში საკუთარი უძრავი ქონება და საკრებულოში, წლის განმავლობაში აღებული ხელფასის რაოდენობა არ მიუთითა. მას მხოლოდ თავისი ცოლის, თამარ ხაინდრავას ანაზღაურება აქვს მითითებული. ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ გაავრცელა.

როგორც საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, ოცნების დეპუტატი ერთ 115.58 კვ.მ. ბინას თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე ფლობს, მეორე - 36.40 კვ.მ. ბინა კი მას ბაკურიანში აქვს. აღნიშნული უძრავი ქონება ლაბუჩიძემ დეკლარაციაში არ მიუთითა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ცნობით, უძრავი ქონება დეპუტატმა დეკლარაციაში არც გასულ, 2023 წელს მიუთითა. ასევე, მათივე ინფორმაციით, 2022 წელს კახაბერ ლაბუჩიძე დეკლარაციის არასრულად, დარღვევებით შევსების გამო, საჯარო სამსახურის ბიურომ დააჯარიმა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს განცხადებით, ისინი ანტიკორუფციულ ბიუროს მიმართავენ, რომ კახაბერ ლაბუჩიძის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევები შეისწავლონ და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ.

საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონით, კახაბერ ლაბუჩიძე, როგორც თბილისის საკრებულოს ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარე, ვალდებულია, ეს ინფორმაცია მისი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში სრულად ასახოს.

კომენტარები