რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-ს არმიის ყოფილ თანამშრომელს გასაცნობ საიტზე საიდუმლო ინფორმაციის გამხელა ედება ბრალად

The Associated Press

აშშ-ში შეიარაღებული ძალების ყოფილ თანამშრომელს, 63 წლის ვიცე-კოლონელ დეივიდ ფრანკლინ სლეიტერს, ეროვნული უსაფრთხოების შესახებ სენსიტიური ინფორმაციის არალეგალურად გამხელა ედება ბრალად.

ბრალდების მხარის თქმით, მან ინფორმაცია უცხოურ გასაცნობ ვებსაიტზე უცნობ პირს გაუზიარა, რომელიც ამტკიცებდა, რომ უკრაინაში მცხოვრები ქალი იყო. სასამართლოს დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ სლეიტერმა რუსეთის შესახებ პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტები გაგზავნა. მას ბოლო თანამდებობა სამხედრო-საჰაერო ძალების სამოქალაქო მოხელედ აშშ-ს სტრატეგიულ სარდლობაში (USSTRATCOM) ეკავა, რა პერიოდშიც სლეიტერს უმაღლესი დონის კლასიფიცირებულ დოკუმენტებზე ჰქონდა წვდომა.

STRATCOM-ში მუშაობა მან 2021 წლის აგვისტოში დაიწყო და თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში იგი უკრაინის ომზე გასაიდუმლოებულ ბრიფინგებს ესწრებოდა. პროკურატურის თქმით, სლეიტერი და უცნობი პირი ელფოსტისა და ონლაინ სასაუბრო პლატფორმის მეშვეობით უკრაინაში მიმდინარე ომს განიხილავდნენ. ხოლო უცნობი პირი სლეიტერს ეროვნული უსაფრთხოების ინფორმაციასთან მისი წვდომის შესახებ რეგულარულად უსვამდა კითხვებს.

2022 წლის მარტში გამოგზავნილ ერთ-ერთ შეტყობინებაში უცნობი პირი სლეიტერს ეკითხება: "რა იყო ნაჩვენები სპეციალური ოთახის ეკრანებზე?". კიდევ ერთგან უცნობი პირი კითხულობს: "ძვირფასო დეივ, NATO-ს და ბაიდენს ჩვენთვის დახმარების საიდუმლო გეგმა აქვთ?"

სასამართლო დოკუმენტებიდან ასევე ირკვევა, რომ უცნობი პირი სლეიტერს "ჩემს საიდუმლო ინფორმანტს" ეძახდა და მას დამატებით სენსიტიური ინფორმაციის გადაცემისკენ მოუწოდებდა. პროკურორები ვარაუდობენ, რომ უცნობი პირის მოთხოვნების პასუხად, სლეიტერი მას სენსიტიურ ინფორმაციას აწვდიდა, რაც საიდუმლო კლასიფიკაციის ინფორმაციასაც მოიცავდა.

კომენტარები