ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი

რუსეთმა შესაძლოა მოქალაქეობა ჩამოართვას სამ ე.წ. დეპუტატს ოკუპირებული ცხინვალიდან

გარი მულდაროვი, დავით სანაკოევი და ჯამბოლათ მედოევი

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტის სამ დეპუტატს: გარი მულდაროვს, დავით სანაკოევსა და ჯამბოლათ მედოევს შესაძლოა რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვათ. მათ ეს ინფორმაცია, რომელიც აქამდე ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა, თავად დაადასტურეს.

ოკუპირებული ცხინვალის მედია Сапа წერს, რომ ე.წ. დეპუტატებმა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურისგან (ФСБ) 7 თებერვლით დათარიღებული შეტყობინება გასულ კვირაში მიიღეს. მათი თქმით, მიზეზად დასახელებულია "ქმედებები, რომლებიც იწვევდა რუსეთის საზღვრების მახლობლად დაძაბულობის ზრდას". არ იყო განმარტებული, თუ რა იგულისხმებოდა ამ ქმედებებში.

ამავე მედიის შეფასებით, ე.წ. დეპუტატებისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევა მოსკოვის მხრიდან უპრეცედენტო ნაბიჯია.

"ცნობილია, რომ გარი მულდაროვი, დავით სანაკოევი და ჯამბოლათ მედოევი ემხრობოდნენ საქართველოსთან საზღვრის დადგენას. მულდაროვი ხელმძღვანელობდა სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიას. სანაკოევი რესპუბლიკის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრია, რომლის დაკავების ორდერი 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს აქვს გაცემული. ორივე დეპუტატი სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობაზე თავს კანდიდატად ასახელებდა." – წერს მედია ოკუპირებული რეგიონიდან.

ე.წ. დეპუტატები ირწმუნებიან, რომ მოსკოვის ეს გადაწყვეტილება დაკავშირებულია "პროქართულ ლობისთან".

"სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ მიმართული ამ "ინიციატივის" მიზეზები არცერთი ჩვენგანისთვისაა გასაგები. რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის არსებული განსაკუთრებული ურთიერთობების ფონზე ეს ყველაფერი იწვევს დაბნეულობას. ამას ვუკავშირებ რუსულ-ქართული ურთიერთობებს დათბობას და სამხრეთ ოსეთში პროქართული ლობის საქმიანობას. მე და ჩემი კოლეგები დავიცავთ ჩვენს უფლებებს ყველა სამართლებრივი საშუალებით, მაქსიმალურად საჯაროდ." – თქვა სანაკოევმა.

"სამწუხაროა, რომ ასეთ რთულ დროს მოსკოვში ადგილობრივ "პოლიტიკოსებს" აწვდიან ასეთ ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც მსგავს ანტირუსულ და ანტიოსურ გადაწყვეტილებებს იღებენ. სამხრეთ ოსეთი, ალბათ, რუსეთისთვის ყველაზე ახლო და მეგობრული სახელმწიფოა. ცხადია, რა დასკვნებსაც გამოიტანენ ასეთი სახელმწიფოს პარლამენტის დეპუტატებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევიდან - რომ რუსეთი საკუთარ მეგობრებსა და პარტნიორებს მარტო ტოვებს. არ ვიცი, რით ხელმძღვანელობდნენ ამ პროვოკაციის ორგანიზატორები, მაგრამ ისინი მხოლოდ საქართველოსა და მათი დასავლელი კურატორების სასარგებლოდ თამაშობენ." – თქვა მულდაროვმა.

"ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია: შუა სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს ეს ყველაფერი კეთდება იმ ხალხის მიერ, ვისაც სურს რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის განხეთქილების შექმნა." – დაამატა მედოევმა. 

ოკუპირებულ ცხინვალში ხშირად განიხილავენ ინიცატივას, რომ ე.წ. საზღვარი დაწესდეს 1922 წლის დეკრეტი N2-ის მიხედვით. ამ იდეას ადრე მხარს უჭერდა მარიონეტი ლიდერი, ალან გაგლოევიც, როცა ის ოპოზიციაში იყო. მას შემდეგ, რაც მან ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა, ამბობს, რომ ამ საკითხის გადაჭრა რუსეთის გარეშე შეუძლებელია.

კომენტარები