ისლანდია-საქართველო

ისლანდიის პრეზიდენტი: ქართველი მეგობრების თქმით, ჩემი სახელი გუდუნა ივანიშვილად ითარგმნება

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში მის ისლანდიელ კოლეგას, გუდნი იოჰანესონს უმასპინძლა. შეხვედრის შემდეგ, მათ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

"მახსოვს, როდესაც ჩემს ქართველ მეგობრებს პირველად შევხვდი, მათ მითხრეს, რომ ჩემი სახელი და გვარი ქართულ ენაზე ითარგმნებოდა, როგორც გუდუნა ივანიშვილი. და მე მოხარული ვიქნები, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში, საქართველოში ამ სახელით ვიყო ცნობილი. 

მოხარული ვარ, რომ ქვეყნის დათვალიერების საშუალება დედაქალაქის მიღმაც მოგვეცა. ვინაიდან, საერთაშორისო ვიზიტით ჩვენთან ჩამოსულ დიპლომატებს მე ყოველთვის მოვუწოდებ, დედაქალაქის გარეთ გავიდნენ. ასე რომ, გუდუნა ივანიშვილი მოხარულია, რომ ის დღეს საქართველოშია. ასევე, ჩემმა ქართველმა მეგობრებმა რამდენიმე ფრაზა მასწავლეს, რომელიც არასოდეს დამავიწყდება - მე შენ მიყვარხარ". - თქვა ისლანდიის პრეზიდენტმა.

იოჰანესონმა მასპინძლობისთვის ქართველებსა და საქართველოს მადლობა გადაუხადა.

კომენტარები