საქართველოს საპატრიარქო

"ეთიკას მოკლებულია პატრიარქის სისუსტეზე ლაპარაკი" – ილია II-ის პრესმდივანი პრეზიდენტზე

ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის შეფასებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კომენტარი ეკლესიასთან მიმართებით "ბევრ კითხვას ბადებს". 

"პირველ რიგში, პრეზიდენტისთვის, მით უმეტეს, რომელსაც თავი ეკლესიის მრევლად მიაჩნია, ეთიკას მოკლებულია მოქმედი პატრიარქის სისუსტეზე და პატრიარქის ცვლილებაზე საუბარი, სხვა საკითხია, რომ ეს ეკლესიის საქმეებში უხეში ჩარევაა.

გაუგებარია, რას გულისხმობდა ქალბატონი პრეზიდენტი "ეკლესიის ძველ მეთოდებზე“ , ისევე, როგორც ეკლესიის მხრიდან "პროდასავლური რიტორიკის მიყოლის" შესახებ საუბრისას. რას ნიშნავს ეკლესია "ახლოსაა ძალასთან"?

სამწუხაროა ასეთი ზედაპირული და შაბლონური დამოკიდებულების მოსმენა პრეზიდენტის სიმაღლიდან და ქართულ ეკლესიაში პროქართულ, პროევროპურ თუ პრორუსულ არჩევანზე საუბარი ჩრდილს აყენებს და აკნინებს, არა იმდენად ეკლესიას, რამდენადაც თავად კომენტარის ავტორს" - წერს ჯაღმაიძე.

ლონდონში, Chatham House-ის საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილს კითხვა დაუსვეს პატრიარქ ილია II-ის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მომავლისა და ეკლესიაში პრორუსული ტენდენციების შესახებ. 

"ძალიან კომპლექსური ვითარებაა, რისი ძირითადი მიზეზი არის ის, რომ დღეს სუსტია პატრიარქი, რომელიც ეკლესიის გეზს ძალიან მტკიცედ ინარჩუნებდა. ვფიქრობ, მართლმადიდებელი ეკლესია, ისევე, როგორც სხვა მართლმადიდებელ ქვეყნებში, ხელისუფლებასთან ძალიან ახლოსაა და, ვიტყოდი, რომ აქცენტების ცვლილების მიყოლა ახასიათებს.

ამიტომ, ვიმედოვნებ, რომ ეკლესია პროდასავლურ რიტორიკას გაჰყვება და რადგან ოპტიმისტი ვარ და საქართველოს გამძლეობის მწამს, ასევე იმედი მაქვს, რომ ქართული ეკლესია მოახერხებს პროქართველი და პროევროპელი და არა პრორუსი პატრიარქის არჩევას" - თქვა ზურაბიშვილმა საპასუხოდ.

კომენტარები