რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის თქმით, ამოიცნეს ომის დანაშაულში ეჭვმიტანილი 511 პირი, 81 უკვე გაასამართლეს

REUTERS/Pavel Klimov/File Photo

უკრაინის გენერალური პროკურორის, ანდრეი კოსტინის ინფორმაციით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ომის სავარაუდო დანაშაულში ეჭვმიტანილი 511 პირი ამოიცნეს, 81 პირი კი უკვე გაასამართლეს.

ამის შესახებ კოსტინმა ისაუბრა ომის დანაშაულების შესახებ გამართულ კონფერენციაზე, რომელსაც პოლონეთის, ლიტვისა და რუმინეთის გენერალურ პროკურორებთან ერთად ევროკავშირის მართლმსაჯულების ჯგუფის, Eurojust-ის პრეზიდენტიც ესწრებოდა.

"ამ მსჯავრდებების უმეტესობა დაუსწრებელია, მაგრამ ისინი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ახლა ვიცავთ სამართლიანობას". - თქვა კოსტინმა 81 მსჯავრდებულთან დაკავშირებით და დასძინა, რომ სამხედრო დანაშაულების ტრიბუნალის შესაქმნელად მოლაპარაკებები 40-ზე მეტ ქვეყანასთან მიმდინარეობს. მისივე თქმით, პროცესები მსგავს ტრიბუნალზე, შექმნის შემთხვევაში, რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდება.

შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე პროკურორებმა ასევე გამოაცხადეს, რომ ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის (JIT) მუშაობის კიდევ ორი წლით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.

JIT-ის საქმიანობას Eurojust-ის ხელმძღვანელმა, ლადისლავ ჰარმანმა "ისტორიაში ომის დანაშაულების უდიდესი გამოძიება" უწოდა.

თემაზე ვრცლად წაიკითხეთ ტაბულას სტატია: რუსეთის ომის დანაშაულები უკრაინაში

კომენტარები