საქართველო-რუსეთი

სებ: სანქცირებული პირის მონაწილეობით ტრანზაქცია არ დაფიქსირებულა

ეროვნული ბანკი ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ცნობებს, რომელთა მიხედვითაც, სანქცირებულმა რუსულმა СберБанк-მა თავისი ანგარიშებიდან ქართულ ბანკებში გადარიცხვები დაიწყო. 

სებ-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ "სანქციადაკისრებული პირის მონაწილეობით ტრანზაქცია არ დაფიქსირებულა".

"გაცნობებთ, რომ 2022 წლის 26 თებერვალს საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებით ფინანსურ სექტორს დაევალა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის მიერ რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოთხოვნათა შესრულება. სანქციების მოთხოვნათა დაცვის და ამ კუთხით გასატარებელი სხვა ღონისძიებების შესახებ შესაბამისი ვალდებულებები, ასევე, განისაზღვრა "საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 5 აგვისტოს №208/04 ბრძანებით. შესაბამისად, საქართველოს საბანკო სექტორი ვალდებულია დანერგოს ღონისძიებები სანქციათა რეჟიმების გვერდის ავლის აღმოფხვრისა და პრევენციის მიზნით.

ამასთან, "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში, ეროვნული ბანკი რეგულარულად ამოწმებს საფინანსო სექტორის ყველა წარმომადგენელს, რაც სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს სანქციების მოთხოვნათა შესრულების კონტროლს. აღსანიშნავია, რომ კომერციულ ბანკებს დანერგილი აქვთ ეფექტური მექანიზმები სანქციადაკისრებული პირების იდენტიფიცირებისა და ოპერაციების შეჩერებისთვის. განხორციელებული ზედამხედველობის ფარგლებში, სანქციადაკისრებული პირის მონაწილეობით ტრანზაქცია არ დაფიქსირებულა. ეროვნული ბანკი ახორციელებს საკითხის დამატებით მოკვლევას". - ვკითხულობთ სებ-ის განცხადებაში.

როგორც რუსული სამთავრობო მედია, TACC-ი წერსСберБанк-ის ახალ მობილურ აპლიკაციაში საქართველო იმ ქვეყნების სიაში მოხვდა, სადაც რუსული ანგარიშიდან ფულის გადარიცხვააა შესაძლებელი.

"ქართულმა მედიამ ამაზე მას შემდეგ გაამახვილა ყურადღება, რაც 21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის ცენტრალურმა ბანკმა Киви ბანკს ლიცენზია გაუუქმა და შესაბამისად, ფულადი გზავნილების სისტემა Contact-მა, რომელსაც საქართველოში ბევრი რუსი იყენებდა, ფუნქციონირება შეწყვიტა". - წერს რუსული მედია.

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა Киви ბანკს ლიცენზია "მაღალრისკიანი ტრანზაქციების" შესრულების გამო გაუუქმა.

კომენტარები