აშშ-რუსეთი

პუტინი: ბაიდენის რეაქცია ადეკვატურია, ის ვერ იტყვის – ყოჩაღ, ვალოდია, ძალიან დამეხმარე

ვლადიმირ პუტინი
Гавриил Григоров / AFP / Scanpix / LETA

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რომელმაც მას "შეშლილი ნაბიჭვარი" უწოდა სან ფრანცისკოში საპრეზიდენტო კამპანიისთვის თანხის შესაგროვებელ ღონისძიებაზე. 

ბაიდენი კლიმატის ცვლილებაზე საუბრობდა, რა დროსაც თქვა: "ჩვენ გვყავს შეშლილი ნაბიჭვრები, როგორებიც არიან პუტინი და სხვები და ჩვენ ყოველთვის ვღელავთ ბირთვულ კონფლიქტზე, თუმცა კაცობრიობისთვის ეგზისტენციალური საფრთხე კლიმატის ცვლილებაა."

პუტინის თქმით, ბაიდენის მხრიდან ეს ადეკვატური რეაქციაა გამომდინარე იქიდან, რომ ერთი კვირის წინ პუტინმა თქვა, რომ რუსეთისთვის უკეთესია, აშშ-ს პრეზიდენტი ბაიდენი იყოს და არა ტრამპი. 

"მე ვთქვი, რომ ვიმუშავებთ ნებისმიერ პრეზიდენტთან, მაგრამ, მიმაჩნია, რომ ჩვენთვის, რუსეთისთვის, ბაიდენი უფრო უპირატესია. გამომდინარე იქიდან, რაც მან ახლა თქვა, ნიშნავს, რომ მე აბსოლუტურად მართალი ვარ, რადგან ეს ადეკვატური რეაქციაა იმაზე, რაც მე ვთქვი. რატომ? იმიტომ, რომ მას არ შეუძლია თქვას – ყოჩაღ, ვალოდია, შენ მე ძალიან დამეხმარე. ჩვენ ვხვდებით, თუ როგორი პოლიტიკური ვითარებაა იქ და ეს რეაქცია აბსოლუტურად ადეკვატურია." – თქვა პუტინმა რუსულ მედიასთან. 

15 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსი ჟურნალისტი პაველ ზარუბინისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ მათთვის უკეთესია, აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იყოს და არა დონალდ ტრამპი. 

"ბაიდენი. ის უფრო გამოცდილი ადამიანია, პროგნოზირებადია, ძველი ფორმაციის პოლიტიკოსია. მაგრამ ჩვენ ვიმუშავებთ აშშ-ს ნებისმიერ ლიდერთან, რომელსაც ამერიკელი ხალხი ნდობას გამოუცხადებს." – უპასუხა პუტინმა ჟურნალისტის შეკითხვას, თუ ვინ არის რუსეთისთვის უკეთესი, ჯო ბაიდენი თუ დონალდ ტრამპი.

კომენტარები