აშშ-ირანი

ჩეხეთმა ირანის დაკვეთილ მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე აშშ-ს გადასცა

ფოლად ომაროვი

ჩეხეთმა აშშ-ს გადასცა საქართველოს მოქალაქე, რომელიც ეჭვმიტანილია ირანის მიერ ირანელ-ამერიკელი აქტივისტი ქალის მკვლელობის დაგეგმვაში.

საქართველოს მოქალაქე 39 წლის ეთნიკურად აზერბაიჯანელი ფოლად ომაროვია. ის აშშ-ს ხელისუფლებას პრაღის ვაცლავ ჰაველის აეროპორტში 21 თებერვლის დილას გადასცეს. ომაროვი ჩეხეთში 2023 წლის იანვარში დააკავეს. ის აშშ-ს მას შემდეგ გადასცეს, რაც ჩეხეთში ეჭვმიტანილს ბრალდების გასაჩივრების ყველა შესაძლებლობა ამოეწურა.

ნიუ-იორკის ფედერალური ბრალდების მიხედვით, ომაროვი და მისი სამი თანამზრახველი ე.წ. კანონიერი ქურდები არიან. ამავე ცნობით, ამ ე.წ. კანონიერ ქურდებს კავშირი აქვთ ირანთან და დავალებული ჰქონდათ მოეკლათ ირანული წარმოშობის ამერიკელი აქტივისტი, მასიჰ ალინეჯადი, რომელიც ბრუკლინში ცხოვრობს.

მანჰეტენის ფედერალური პროკურორის თქმით, ომაროვი, რომელიც ამ პერიოდში აღმოსავლეთ ევროპაში ცხოვრობდა, ჯგუფს ხელმძღვანელობდა. 2022 წელს ალინეჯადის სახლთან დააკავეს აზერბაიჯანის მოქალაქე ხალიდ მეჰდიევი, რომელიც ავტომატით იყო შეიარაღებული. მას მცირე ხნით ადრე იმაროვი წერდა: "ეს საქმე მალე დამთავრდება ძმაო. ვუთხარი, რომ ჩემთვის დაბადების დღის საჩუქარი გაეკეთებინათ".

საქმის დეტალების მიხედვით, ამ დროს მეჰდიევი, რომელიც ომაროვისა და კიდევ ერთი თანამზრახველის, რაფატ ამიროვის მითითებით მოქმედებდა, დავალების შესასრულებლად ემზადებოდა.

როგორც ალინეჯადიმ საკუთარ X-ზე დაწერა, მადლობელია "მეორე სიცოცხლის მიცემისთვის" და ამერიკელ სამართალდამცავებს მადლობა გადაუხადა "ფხიზლად ყოფნისთის". აქტივისტის თქმით, ის მოხარულია, ირანის ისლამური რესპუბლიკის "კიდევ ერთხელ შერცხვენისთვის".

"ჩემმა მიმღებმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ გადამარჩინა ჩემი სამშობლოს მკვლელი რეჟიმისგან". - წერდა ალინეჯადი.

ომაროვს, ამიროვსა და მეჰდიევს მანჰეტენის ფედერალური ოლქის სასამართლო გაასამართლებს. ამავე საქმის ფარგლებში ეჭვმიტანილია ჯგუფის მეოთხე წევრიც, ზიალათ მამედოვი. მამედოვი ჩეხეთის პატიმრობაშია. ამიროვი და მეჰდიევი ბრალდებებს უარყოფენ.

თავდაპირველად, 2021 წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ ირანის მიერ მართული პირები მასიჰ ალინეჯადის გატაცებასა და მკვლელობას აპირებდნენ. ამ საქმესთან დაკავშირებით ბრალი ედებოდა 5 პირს, აქედან 4, რომლებიც ირანის სპეცსამსახურების მიერ მართულ პირებად არიან ნახსენები, ზემოხსენებული ადამიანები არიან. მეხუთე პირი კი უშუალოდ ირანის სპეცსამსახურების წარმომადგენელია.

კომენტარები