რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შოიგუს მტკიცებით, კრინკი "გაასუფთავეს", რუსი ბლოგერებისა და უკრაინის თქმით – იტყუება

სერგეი შოიგუ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის დროს, 2024 წლის 20 თებერვალი.
კრემლი

რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის დროს ირწმუნებოდა, რომ მათმა შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში მდებარე დასახლება კრინკი დაიკავეს.

ეს დასახლება უკრაინის ძალებისთვის დნეპრის მარცხენა სანაპიროზე არსებული პლაცდარმია.

შეხვედრის დროს პუტინმა შოიგუს უთხრა, რომ მას სამხედროთა დაჯგუფება დნეპრის მეთაურმა, მიხაილ ტეპლინსკიმ მოახსენა კრინკიში მიმდინარე მოვლენები. სამხედრო მაღალჩინოსნის ანგარიშის მიხედვით, დასახლებაში მხოლოდ ხუთიოდე უკრაინელი სამხედრო დარჩა, რომლებიც იმალებიან "ან ტყეში, ან სანგრებში". შოიგუმ პუტინს უპასუხა, რომ ტეპლინსკის ინფორმაციას გაეცნო და კრინკი "გასუფთავებულია".

"ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ, ვიცი გენერალ-პოლკოვნიკი ტეპლინსკის ანგარიშის შესახებ. ვადასტურებ მის ანგარიშს, ეს ნამდვილად ასეა: კრინკი გასუფთავებულია. ჩვენ, ფაქტობრივად, განლაგებული ვართ მდინარე კრინკასა და კონკას მთელ სანაპიროზე. დღეისათვის იქ არა მხოლოდ სადამკვირვებლო პუნქტებია, არამედ დგანან სამხედროებიც. ძალიან ღირსეულად იქცეოდნენ მედესანტეები და 810-ე ბრიგადის საზღვაო ქვეითები." – უთხრა შოიგუმ პუტინს.

ამას გარდა, 20 თებერვალს შოიგუმ რუსულ სამთავრობო მედია ТАСС-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ კრინკის აღება "წერტილს დაუსვამს უკრაინის კონტრიერიშს".

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერაციულ სარდლობაში შოიგუს ცნობას უარყოფენ და ამბობენ, რომ ეს "ფალსიფიცირებული ფაქტია". მათივე თქმით, პოზიციები კვლავ უჭირავთ და მოწინააღმდეგეს ზიანს აყენებენ.

ამას გარდა, შოიგუს სიტყვებს ტყუილი უწოდა რამდენიმე ომის მხარდამჭერმა რუსმა სამხედრო ბლოგერმა. წარსულში კსკ ვაგნერთან დაკავშირებულმა ტელეგრამ-არხმა შოიგუს განცხადებაზე იხუმრა და სიტუაციას "შრედინგერის კრინკი" უწოდა. ვაგნერთან კავშირში მყოფმა ომის კომენტატორმა უარყო თავდაცვის მინისტრის განცხადება და საკუთარ გვერდზე განათავსა სხვა სამხედრო ბლოგერების ამავე შინაარსის შემცველი მოსაზრებები.

კომენტარები