ალექსეი ნავალნის სიკვდილი

სააკაშვილი: პუტინმა, ნავალნის სახით, მოიშორა ნომერ პირველი მტერი – მეორე მის ხელშია, მე ვარ

მოკლეს ალექსეი ნავალნი. ნავალნისთან მე მქონდა მიმოწერა. მან, ჩემთან მიმოწერის შემდეგ, 2008 წელს საქართველოსთვის დაყენებული პოზიციების გამო, ბოდიში მოიხადა, რაც დასაფასებელი იყო, მე ძალიან დავუფასე.

მე მომწამლეს უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მომწამლეს მაშინ, რომ მსოფლიოს ვერც შეემჩნია, ისე გავმქრალიყავი. ღმერთმა გადამარჩინა სიკვდილს, ისევ ღმერთის იმედზე ვარ და თქვენს იმედზე ვარ - ქართველი ხალხის და საერთაშორისო თანამეგობრობის.

სწორედ ნავალნიმ გამოხატა სოლიდარობა მისი ციხის კამერიდან ჩემ მიმართ. მანამდე, მოკლეს [ანა] პოლიტკოვსკაია, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობდი, [ბორის] ნემცოვი, რომელთანაც ბევრი უთანხმოება მქონდა, მაგრამ ძალიან ვმეგობრობდით და ახლა ნავალნი.

პუტინმა საჯაროდ გამოთქვა სურვილი, მე ჩამოვეკიდებინე ერთი ადგილით. პუტინი თავიდანვე დაიმუქრა, რომ მე მოვხვდებოდი ციხეში. პუტინი თავიდანვე დაიმუქრა, რომ მე აუცილებლად გამანადგურებდა ფიზიკურად. ამიტომ, როდესაც ნავალნიზე საუბრობდა პუტინი, ამბობდა, ეს არის რუსული სააკაშვილიო - ნავალნის გვარს არ ახსენებდა. [...] ის ყველანაირად გამოხატავდა, რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილი და ნავალნი იყვნენ მისი ნომერ პირველი მტრები. ერთი ნომერ პირველი მტერი მან მოიშორა, მეორე მის ხელშია, რადგან ყველაფერი რაც ეხება საქართველოს პენიტენციურ სისტემას თავიდან ბოლომდე კონტროლდება, მათ შორის, რუსული სპეცსამსახურების მიერ და ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით.

თქვა საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩართვისას.

კომენტარები