ალექსეი ნავალნის სიკვდილი

იულია ნავალნაია დასავლეთს მოუწოდებს, რუსეთის მარტის არჩევნები არ აღიაროს

იულია ნავალნაია

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ცოლი იულია ნავალნაია დასავლეთს მიმართავს და მოუწოდებს, რომ მარტში დაგეგმილი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები არ აღიარონ. მან ამის შესახებ ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან ისაუბრა. 

"არ ცნოთ ეს არჩევნები. პრეზიდენტს, რომელმაც მოკლა მისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტი, შეუძლებელია ლეგიტიმაცია ჰქონდეს" - თქვა იულია ნავალნაიამ. 

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მარტშია დაგეგმილი, სადაც, დიდი ალბათობით, კვლავ ვლადიმირ პუტინი გაიმარჯვებს და დამატებით 6-წლიან ვადას დაიწყებს. 


რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს, პატიმრობაში გარდაიცვალა

17 თებერვალს, ნავალნის პრესსპიკერის, კირა იარმიშის თქმით, ნავალნის დედა და ადვოკატი მივიდნენ მორგში, სალეხარდში, მაგრამ ის დაკეტილი დახვდათ, ხოლო კარზე მითითებულ ნომერზე დარეკვის შემდეგ უთხრეს, რომ იქ ნავალნის ცხედარი არ იყო. 

იარმიშიმ ასევე თქვა, რომ 19 თებერვალს პოლიტიკოსის დედა და ადვოკატები სალეხარდის მორგში ნავალნის ცხედრის სანახავად არ შეუშვეს. 

"დილით ადრე ალექსეის დედა და ადვოკატები მორგში მივიდნენ. შიგნით არ უშვებენ. ერთ-ერთი ადვოკატი ფაქტობრივად ძალით გამოაგდეს. კითხვას, არის თუ არა იქ ალექსეის ცხედარი, თანამშრომლები პასუხს არ სცემენ". - წერს იარმიში.

იარმიშმა ასევე დაწერა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სიკვდილის გამოძიება კიდევ უფრო "გახანგრძლივდა" და გაურკვეველია, თუ რამდენი ხანი გაგრძელდება. 

"საგამოძიებო კომიტეტში დედასა და ადვოკატებს უთხრეს, რომ ნავალნის სიკვდილის გამოძიება გახანგრძლივდა. კიდევ რამდენ ხანს გასტანს - უცნობია. სიკვდილის მიზეზი უწინდებურად "დაუდგენელია". ისინი იტყუებიან, დროს წელავენ და ამის დამალვას არც კი ცდილობენ". - წერს იარმიში. 

კომენტარები