ალექსეი ნავალნის სიკვდილი

მედია: ალექსეი ნავალნის ძმაზე, ოლეგზე რუსეთში ხელახალი ძებნა არ გამოცხადებულა

ოლეგ ნავალნი  

განახლება: რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს (МВД) ალექსეი ნავალნის ძმაზე, ოლეგ ნავალნიზე ძებნა ხელახლა არ გამოუცხადებია.

თავდაპირველად, რუსეთის სამთავრობო მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ოლეგ ნავალნიზე ძებნა ხელახლა გამოცხადდა. პროპაგანდისტული მედია ТАСС-ი წერდა, რომ ოლეგს ახალ საქმესთან დაკავშირებით ეძებენ, თუმცა, არ დაუკონკრეტებიათ სისხლის სამართლის რომელი მუხლის დარღვევას ედავებიან.

როგორც გამოცემა Медиазона აზუსტებს, ოლეგ ნავალნის სახელი ძებნილთა სიაში ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში ფიგურირებდა და მასზე ძებნა ხელახლა სწორედ მაშინ გამოცხადდა.

МВД-ს მონაცემებში მხოლოდ ის არის ნათქვამი, რომ ოლეგ ნავალნი სისხლის სამართლის დარღვევის გამო იძებნება.

ოლეგ ნავალნი 2022 წლის იანვრიდან ე.წ. "სანიტარულ საქმეზე" იძებდნებოდა. ამ საქმის ფიგურანტები ეჭვმიტანილები იყვნენ სანიტარული და ეპიდემიოლოგიური წესების დარღვევაში, რაშიც იგულისხმებოდა მათი მოწოდებები, გამოსულიყვნენ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე.

2021 წლის აგვისტოში რუსეთის სასამართლომ ოლეგ ნავალნის "სანიტარულ საქმეზე" პირობითი სასჯელი შეუფარდა. თუმცა, 2022 წელს სისხლის სამართლის ინსპექციამ პირობითი სასჯელის რეალურით შეცვლა მოითხოვა. თებერვალში სასამართლომ მოთხოვნა დააკმაყოფილა. ამ დროისთვის ოლეგი რუსეთში არ იმყოფებოდა.

2014 წელს ოლეგ ნავალნის ივ როშეს საქმეზე თავისუფლების აღკვეთა სამი წლითა და ექვსი თვით მიესაჯა. ის 2018 წელს გაათავისუფლეს.

რუსეთი VS ნავალნი – ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბრალდებებისა და განაჩენების ქრონოლოგია

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს, პატიმრობაში მოკვდა. ამ დრომდე უცნობია სად არის მისი ცხედარი, რომელსაც ოჯახის წევრებს არ აძლევენ. ოპოზიციონერის ცოლმა, იულია ნავალნაიამ, რომელიც ახლა ევროპაში იმყოფება, თქვა, რომ ის ქმრის საქმეს გააგრძელებს და რუსეთის მოქალაქეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

 

კომენტარები