ქართული ოცნება

მამუკა მდინარაძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად აირჩიეს

მამუკა მდინარაძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად აირჩიეს. ამის შესახებ მდინარაძემ ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მდინარაძის თქმით, მას ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტზე რატი იონათამიშვილი შეცვლის.

"პარლამენტის შიგნით რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება მივიღეთ. პირველი საკადრო ცვლილება უმრავლესობის ლიდერის არჩევა იყო – აქ მე დამიჭირეს მხარი. ეს ინფორმაცია წინასწარაც იყო ცნობილი. ასევე, ჩვენ რამდენიმე ცვლილება მივიღეთ. ვაკანტურია ვიცესპიკერის პოზიცია ირაკლი ჩიქოვანის თავდაცვის მინისტრად გადასვლის შემდეგ. ამ პოზიციაზე უმრავლესობა პარლამენტს ასარჩევად ნინო წილოსანის კანდიდატურას წარუდგენს. ფრაქცია ქართულმა ოცნებამ ერთხმად დაუჭირა მხარი ფრაქციის თავმჯდომარედ რატი იონათამიშვილის კანდიდატურას. თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩეული იქნა გიორგი ცაგარეიშვილი.

მას შემდეგ რაც პარლამენტის მიერ ნინო წილოსანი არჩეული იქნება ვიცე-სპიკერად, თავისუფლდება მისი ადგილი, აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის ადგილი და აქ ჩვენ წარვადგენთ მის პირველ მოადგილეს გელა სამხარაულს, ხოლო აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე წარვადგენთ დაჩი ბერაიას კანდიდატურას". - თქვა მამუკა მდინარაძემ.

მანამდე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე იყო.

კომენტარები