რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კოსტინი: უკრაინის დაბომბვისას რუსეთმა ჩრდ. კორეისგან მიღებული მინიმუმ 24 რაკეტა გამოიყენა

უკრაინელი სამხედრო რაკეტის ნარჩენებს ამოწმებს, 2024 წლის 2 იანვარი.
SERGEY BOBOK / AFP - Getty Images

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანდრეი კოსტინმა აღნიშნა, რომ უკრაინის ქალაქების დაბომბვისას რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან მიღებული მინიმუმ 24 ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა. ამის შესახებ ინფორმაციას Interfax-Ukraine ავრცელებს.

როგორც კოსტინმა განმარტა, რაკეტების ჩრდილოკორეულ წარმომავლობაზე მიუთითებს ფრაგმენტებზე აღმოჩენილი სიმბოლოები, რაკეტების გაშვების შედეგად გამოწვეული ნგრევის მასშტაბი და ფრენის ტრაექტორია. 

კოსტინის თქმით, მთლიანობაში, 2023 წლის 30 დეკემბრიდან 2024 წლის 7 თებერვლამდე პერიოდში რუსმა სამხედროებმა ამ ტიპის რაკეტებით უკრაინის შვიდ ოლქზე სულ მცირე 12 იერიში მიიტანეს.

"საუბარია ზაპოროჟიეზე, კიევზე (სამი თავდასხმა), ხარკოვზე (ორი თავდასხმა) და ქალაქებსა და სოფლებზე კიროვოგრადის, პოლტავას, დონეცკის და დნეპროპეტროვსკის ოლქებში. ამ თავდასხმებს 14 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა, 70-ზე მეტი კი დაშავდა". - თქვა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა.

კოსტინის თქმით, რუსეთმა ყველაზე მასობრივი იერიში ჩრდილოკორეული რაკეტებით 2024 წლის 7 თებერვალს მიიტანა. ამ ტიპის იარაღით თავდასხმას ყველაზე მეტი მსხვერპლი 2024 წლის იანვარს მოჰყვა, როდესაც ხარკოვში დაიღუპა 3 ადამიანი, ხოლო 64 - დაშავდა. 

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ასევე დააზუსტა, რომ რუსეთის მიერ გამოყენებული ჩრდილოკორეული 24 რაკეტიდან მხოლოდ ორმა მიაღწია სამიზნეს.

კომენტარები