ირანი

ირანში მთავარი გაზსადენი აფეთქდა, მთავრობის მტკიცებით, ეს "ტერორისტების საბოტაჟი" იყო

ირანში გაზსადენის აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი

ირანის მთავარი გაზსადენის ქსელში ორი აფეთქება მოხდა. ნავთობის მინისტრი ირწმუნება, რომ ეს "ტერორისტული საბოტაჟია".

მთავრობის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ შემთხვევის შედეგად ზოგიერთ პროვინციას ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეუწყდა.

"ეს საბოტაჟის ტერორისტული აქტი პირველ საათზე, ოთხშაბათის გამთენიისას მოხდა ნაციონალურ გაზსადენ მილთა ქსელში, ქვეყნის ორ რეგიონში". - თქვა მინისტრმა ჯავად ოვჯიმ.

ოვჯის თქმით, გაზის მიწოდება შეუწყდათ მხოლოდ აფეთქების მიმდებარე სოფლებს და მალე აღდგება. მისივე შეფასებით, ეს აფეთქება გავს 2011 წლის შემთხვევას, როცა, მისი თქმით, "საბოტაჟის აქტმა" სხვადასხვა რეგიონებში ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეწყვიტა.

აფეთქებები ჩაჰარ-მაჰალი და ბახთიარიის ოსტანის, ანუ პროვინციის ქალაქ ბორუჯენსა და ფარსის ოსტანის ქალაქ სეფაშეჰრში მოხდა.

მსგავსი შემთხვევები ირანში იშვიათია, თუმცა, მაგალითისთვის, 2017 წელს არაბ სეპარატისტთა გასამხედროებულმა დაჯგუფებამ პასუხისმგებლობა აიღო ხუზისტანის პროვინციაში ნავთობსადენის აფეთქებაზე.

გასული წლის დეკემბერში ირანმა სიკვდილით დასაჯა 5 ადამიანი, რომლებსაც აბრალებდნენ, რომ ისრაელის დაზვერვის, მოსადის აგენტები იყვნენ.

კომენტარები